მწვანე სატაცურის ნერგები სოფელ ვარდისუბნიდან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები მეწარმე მარიამ დარჩიაშვილი მწვანე სატაცურს ამრავლებს.
დარჩიაშვილი ამბობს, რომ სატაცურის მოყვანა პირველად დეკორატიული მიზნით დაიწყო, თუმცა მოთხოვნის გაზრდის შემდეგ მცირე ბიზნესი დაიწყო. მარიამი ამ დროისთვის მცირე რაოდენობით სატაცურს აწარმოებს, რომელსაც თავად მოიხმარს და სოფელში ჰყიდის.
,,სატაცურის მოყვანა რომ გადავწყვიტე, თავიდან ვფიქრობდი, ეს ყოფილიყო დეკრატიული მიზნით, იმიტომ რომ ლამაზი მცენარეა. იმის გამო, რომ სოფელში და რეგიონში სატაცურზე მოთხოვნა ნელ-ნელა გაიზარდა, გადავწყვიტე, საყვარელი საქმე ბიზნესად მექცია. მცირე რაოდენობით ვამარაგებ მეზობლებს და სოფელში მაღაზიებს. გარდა ამისა, მომყავს სოკო’’,- განუცხადა „აგრომედიას“ მარიამ დარჩიაშვილმა.
მეწარმეს მცირე სანერგე მეურნეობა აქვს. მას სატაცურის ნერგები გამოყავს და მსურველებს უფასოდ აძლევს. მარიამ დარჩიაშვილი განმარტავს, რომ მისი მიზანია, უფრო მეტმა მეწარმემ მოიყვანოს სატაცური და სოფლის მეურნეობის ეს დარგი განვითარდეს.
,,მცირე რაოდენობით გამომყავს სატაცურის ნერგები და მეზობლებს და სხვა ნაცნობებს უფასოდ ვურიგებ. მე მინდა, მათაც მივცე საშუალება გაამრავლონ, რომ შემდეგ გავერთიანდეთ და ერთი ორგანიზაცია ან კოოპერატივი შევქმნათ. რაც მეტი მეწარმე გვეყოლება და მეტი ბიზნესმენი, სოფლისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სიმრავლე არ აქვს პროდუქტს, ვერ გავალთ ევროკავშირის ბაზარზე და ადგილობრივ ბაზარსაც ვერ დავაკმაყოფილებთ’’, – ამბობს მარიამ დარჩიაშვილი.
მეწარმე აღნიშნავს, რომ სატაცური საგაზაფხულო დელიკატესია და მასზე მოთხოვნა მსოფლიოში ნელ-ნელა იზრდება. ის მცენარის სასარგებლო თვისებებზეც ამახვილებს ყურადღებას.
,,სატაცურს მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია. მას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, დაბალკალორიულია, შეიცავს В1, В2, В9, С, Е, А, РР ვიტამინებს, მაკრო და მიკროელემენტებს: თუთიას, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ცილებსა და ნახშირწყლებს. განსაკუთრებით მდიდარია ასპარაგინით, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერების გამოდევნას’’,- აცხადებს მარიამ დარჩიაშვილი.
მეწარმე სამომავლოდ წარმოების გაფართოებას გეგმავს. ამ მიმართულებით ცნობიერების უფრო მეტად ამაღლების მიზნით ის სხვადასხვა სახის ტრენინგში აქტიურად მონაწილეობს.
,,ძალიან მინდა, რომ წარმოება გავზარდო და მოყვანილი სატაცური ევროკავშირის ბაზარზე გავიტანო. გავლილი მაქვს ტრენინგები, როგორ ვაწარმოო სუფთა პროდუქტი, , რა პესტიციდები მოვიხმარო და სხვა. კახეთის რეგიონული ჰაბის და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის’’ ორგანიზებულ ტრენინგებს ხშირად ვესწრები და ვსწავლობ, როგორ განვავითარო ბიზნესი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია’’, – აღნიშნავს მეწარმე.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი