სოფელ ოზაანში მწვანე სატაცურს აწარმოებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში შექმნილი კოოპერატივი ,,რკ ოზაანი“ მწვანე სატაცურს აწარმოებს. კოოპერატივის წევრები აცხადებენ, რომ სატაცურის წარმოება საქართველოსთვის ახალია, თუმცა პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. 
კოოპერატივი 2015 წელს შეიქმნა, რომელშიც 5 მეპაიეა გაერთიანებული. კოოპერატივის თავმჯდომარე, ჯაბა გიგოლაშვილი ამბობს, რომ 4 წლის წინ დარგეს მრავალწლიანი სატაცურის ნერგები და პირველი მოსავალი გასულ წელს მიიღეს.
,,მცენარის მოვლისას ტექნიკას არ მოვიხმართ, ძირითადად ხელით ვამუშავებთ. როცა კოოპერატივი შევქმმენით, იმ წელს დავრგეთ მრავალწლიანი ნერგები. მწვანე სატაცური ისეთი მცენარეა, რომ პირველივე წელს ვერ მივიღებდით მოსავალს. ოთხი წელი ველოდებიდით და შარშან მივიღეთ პირველი მოსავალი. სატაცურის წარმოება იმიტომ დავიწყეთ, რომ მასზე მოთხვნა იზრდება და ბევრი მცირე მეწარმე იწყებს მის წარმოებას. ამ ეტაპზე გვაქვს დაახლოებით 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენებული სატაცური და გასულ წელს ნახევარ ჰექტარზე მივიღეთ მოსავალი. წელსაც ამ ფართობზე ველოდებით მოსავალს, მომავალ წელს კი სრულად მთლიან ტერიტორიაზე ავიღებთ სატაცურის მოსავალს’’,- განუცხადა „აგრომედიას“ ჯაბა გიგოლაშვილმა.
კოოპერატივის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარს ვერ აკმაყოფილებენ. ჯაბა გიგოლაშვილი აცხადებს, რომ სამომავლოდ ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავენ.
,,იმ რაოდენობის მოსავალი არ გვაქვს, რომ ადგილობრივი ვაზარი დავაკმაყოფილოთ. პირველი მოსავალი ადგილზე გავყიდეთ, ძირითადად დისუტრიბუტორებს მიჰქონდათ, ამ შემთხვევაში კი მარკირებას და ბრენდირებას არ ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვინდომეთ და შევქმენით ბრენდი ,,ჯანდო“, დავამუშავეთ ეტიკეტი და ამის შემდეგ ასე გავყიდით პროდუქტს. ბრენდის სახელი უცნაურია და განსვხავებული, თუმცა ჩვენთვის ძვირფასია, რადგან პაპას ერქვა. რაც მთავარია, პროდუქციაზე მოსახლეობაში ნელ-ნელა იზრდება ცნობადობა და მოთხოვნა. ევროპაშიც დიდია მოთხოვნა და სასურველ საკვებად ითვლება. სამომავლოდ ვგეგმავთ წარმოების გაზრდას’’,- აცხადებს ჯაბა გიგოლაშვილი.
მეწარმე სატაცურის სასარგებლო თვისებებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მისი მიღება როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისა და მოხუცებისთვის აუცილებელია.
,,სატაცური ბევრ ვიტამინებს შეიცავს, უქოლესტერინო პროდუქტია და დიეტური, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და კარგია ყველა ასაკის ადამიანის ორგანიზმისთვის. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ვიტამინები, რომლებსაც სხვა მცენარე არ შეიცავს. სატაცურით ბევრი გემრიელი კერძი მზადდება’’.
ჯაბა გიგოლაშვილი მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ევროპაში მდებარე მარკეტების დიდ ქსელთან, რომლებიც პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის სურვილს გამოთქვავენ. მისივე განმარტებით, შესაბამისი შეფუთვის და სერტიფიკატების არარსებობის გამო ამ ეტაპზე სატაცურის ექსპორტზე გატანა ფერხდება.
კოოპერატივი სამომავლოდ სასათბურე მეურნეობის და წარმოების უწყვეტი ხაზის შექმნას გეგმავს.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი