ფერმების შესაქმნელად სახელმწიფო აგროკრედიტის საპროცენტო სარგებლის 10%-ს წელსაც დააფინანსებს

სახელმწიფო დახმარების პროგრამა “აწარმოე საქართველოში” მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმის (მერძეული–მეხორცული) შესაქმნელად შეღავათიანი აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას მიმდინარე წელსაც ითვალისწინებს. დადგენილი პირობების მიხედვით, მეწარმის მიერ მოთხოვნილი კრედიტის მინიმალური ოდენობა 1 500 000 ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო კრედიტის მაქსიმალური მოცულობა 5 000 000 ლარზე მეტი არ უნდა იყოს, თუმცა ლიმიტის გაზრდის პრაქტიკაც არსებობს.

პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ. ეკონომიკის სამინიტროში განმარტავენ, რომ პროგრამის მიზნებს წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნის და არსებულის გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა წარმოადგენს.

“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

დაფინანსებული სესხით/ლიზინგით აუცილებელია შეიქმნას მხოლოდ ახალი საწარმო ან გაფართოვდეს/გადაიარაღდეს არსებული საწარმო;

საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;

ახლად შექმნილი ან გაფართოებული/გადაიარაღებული საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ესთეტიური გარეგანი სახე.
იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც სააგენტოს მიერ განხორციელდება საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება, ან სესხის/ლიზინგის უზრუნველყოფა ბენეფიციარი ვალდებულია: დაიცვას სესხის/ლიზინგისა და საინვესტიციო პროექტით განსაზღვრული მიზნობრიობა; შეინარჩუნოს დაფინანსებული საწარმოს პროფილი; შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული საწარმოო გეგმის ძირითადი მაჩვენებლები”, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროში.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი