მინისტრის მოადგილე – აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს

აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. ხატია წილოსანი ვერ აკონკრეტებს, როდიდან მოხვდება ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე. მისივე თქმით, პროდუქციის ექსპორტისთვის ჩინურ მხარესთან ტექნიკური საკითხების შეთანხმებაა დარჩენილი.

„ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს. ეს პროცესი პირველ რიგში დაკავშირებულია, ვეტერინარული და წარმოშობის სერთიფიკატების შეთანხმების პროცედურებთან. ქართულმა მხარემ ჩინეთის კომპეტენტურ უწყებებს უკვე გადაუგზავნა ყველა საჭირო ინფორმაცია და ველოდებით ჩინური მხარის რეაგირებას“, – განაცხადა წილოსანმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოსთვის თაფლის სარეალიზაციოდ სამიზნე ბაზრად არ განისაზღვრება მხოლოდ ევროკავშირის ბაზარი და ჩინეთის გარდა, პროდუქციის ექსპორტის მხრივ სპარსეთის ყურის ქვეყნებიც საკმაოდ მიმზიდველია.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მზადაა, გააკეთოს გამოცდის ოქმები და გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი. მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო თაფლის ყველა მწარმოებელს, რომ მაქსიმალურად მომზადებულნი იყვნენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე მათი პროდუქტი კონკურენტუნარიანი იყოს“, – აღნიშნა წილოსანმა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი