კახეთის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს

2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. თელავში, პროექტის ხელმძღვანელი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მენეჯერმა ფერმერებს შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
,,წინა წლების მსგავსად, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%; ვაზზე კი 50%. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ ბენეფიციარს მფლობელობაში არსებული მიწის ნებისმიერი (5 ჰექტარს ზემოთ) ფართობიდან შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს. დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ასევე დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე, რომელსაც სურს, რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა, ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში”,- აცხადებენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი