სოფელ ველისციხეში ახალი ტურისტული ობიექტი ,,ველისციხური“ ამოქმედდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეს კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატა. მე-19 საუკუნის მარანი ,,ველისციხური“ აერთიანებს უძველეს ქვევრებს და ღია ვერანდას. ობიექტი ყოფილმა ჟურნალისტმა მაია არუთინოვმა მეუღლის დახმარებით გახსნა და ტურისტების მიღება დაიწყო.
მარანში მისულ სტუმარს საშუალება აქვს კახური ღვინო და ტრადიციული კერძები დააგემოვნოს. მარანში განთავსებულია ქვევრები, რომელიც 40 ტონა ყურძენს იტევს. მარნის მფლობელის, მაია არუთინოვის თქმით, მარნის ტერიტორია გასულ წლებში მთლიანად მიწით იყო დაფარული, მისი გასუფთავების შემდეგ კი დაზიანებული კედლები, რომელიც ძველი არქიტექტურით არის აშენებული თავად აღადგინეს.
მისივე თქმით, ოჯახი ასევე ფლობს ვენახებს, სადაც მოყვანილი ყურძნით ღვინოს აწარმოებენ.
,,მარანი რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ სერგი ოქრუაშვილმა ტურისტულ ობიექტად ვაქციეთ მემკვიდრეობით მერგო, თუმცა იმდენად ძველი იყო და სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა, რომ ამის აღდგენაზე არც არასდროს მიფიქრია. ჩემი მეუღლე მამულების მფლობელია სადაც მოყავს სხვადასხვა ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ალადასტური, მწვანე, რქაწითელი, თავკვერი, საფერავი, დაგვებადა იდეა, რომ ძველი მარნისთვის სადაც 40 ტონა ტევადობის ქვევრები გვქონდა ფუნქცია დაგვებრუნებინა’’,- განუცხადა agromedia.ge-ს მაია არუთინოვმა.
მისი თქმით, გარდა მარნისა, ადგილზე მოწყობილია ასევე ღია სივრცე, ტურისტების მისაღებად, სადაც განთავსებულია ბუხარი, ზაოდი და თონე.
,,ჩვენთან მოსულ ტურისტებს შეუძლიატ ნახონ უძველესი მარანი, ასევე ჩვენს მიერ აღმოჩენილი გვირაბი, რომელიც მე-15 საუკუნეს მიეკუთვნება. ტურისტებს ვთავაზობთ როგორც ქართულ ტრადიციულ სუფრას, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ღვინოების დაგემოვნებას, ჩურჩხლის ამოვლების, თონის პურის გამოცხობის და ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკალსებს.’’
მაია არუთინოვი აღნიშნავს, რომ მარანმა ,,ველისციხურმა’’ ერთი თვეა რაც ფუნქციონირება დაიწყო და მათი მომსახურებით სულ უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება. მისი თქმით, უკვე მიიღეს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები.
,,სულ ერთი თვეა მარანმა დაიწყო ფუნქციონირება, გვყავდა როგორც ქართველი დამთვალიერებლები ასევე უკრაინელი და ყაზანელი ტურისტები. ჩვენი მარნით და მომსახურებით სულ უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება. ინფორამაცია მარნის შესახებ ძირითადად სოციალური ქსელით გავავრცელეთ, ასევე მოვაწყეთ საინფორმაციო სახის შეხვედრა სადაც ტურისტულ კომპანიებს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი მარნის შესახებ’’,- განაცხადა მაია არუთინოვმა.
მარნის მფლობელი სამომავლოდ ტურისტებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას და წარმოებული ღვინის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი