აგროდაზღვევის პროგრამა 2019 წელსაც აქტიურად გაგრძელდება

2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს.
გასული წლების მსგავსად ყველა კულტურაზე სახელმწიფოს თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%, ვაზზე კი – 50%.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა;
წყალდიდობა; ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
“ნებისმიერ ბენეფიციარს მფლობელობაში არსებული მიწის ნებისმიერი (5 ჰექტარს ზემოთ) ფართობიდან შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს. დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.
ასევე დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე, რომელსაც სურს რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა, ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.
მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 5 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი