რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლებას აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა რძის პროდუქტების დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივა ჩააგდო. აგრარულ კომიტეტში ფინანსთა სამინისტროს არგუმენტები უკვე მეორედ არასაკმარისად მიიჩნიეს და საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. პარლამენტში პერემიერის ინციატივაზე უარი ისე თქვეს, რომ სექტორში მოღვაწე პროფესიული ასოციაციები განხილვებზე არ მიიწვიეს.
„კარგი იქნებოდა, ჩვენს ასოციაციას მისცემოდა, საშუალება უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ამ საკითხის განხილვაში. ჩვენ ადრეც წარვადგინეთ წერილი შესაბამის უწყებებში, რომლებიც ამ
საკითხზე მუშაობდნენ, რომელშიც ვასაბუთებდით ნედლი რძისგან წარმოებულ პროდუქტებზე დღგ-ს მოხსნით მერძევეობის სექტორზე შესაძლო დადებითი ეფექტს და კიდევ გვქონდა მომზადებული დამატებითი არგუმენტაციია, რომელიც გარკვეულ საბაზრო კვლევებს დაკონკრეტულ გათვლებს ეყრდნობოდა“ , – აცხადებს „საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“ აღმასრულებლი დირექტორი მერაბ ჩხარტიშვილი.
ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ ინიციატივის შემდგომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა და ნედლი რძის გადამუშავება აღდგენილ რძესთან შედარებით უფრო მომგებიანი იქნებოდა.
„დღეს არსებული მდგომარეობით გადამამუშავებლებისთვის უფრო მომგებიანია რძის ფხვნილზე მუშაობა. ეს ბიზნეს მოტივაცია წარმოადგენს სწორედ იმის მიზეზს, რის გამოც აღდგენილი რძისგან წარმოებული პროდუქტების წილი ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად იზრდება ქვეყანაში ფხვნილის იმპორტის მოცულობაც. ბიზნესმენს ვერ აიძულებ ნაკლებ მოგებაზე იმუშავოს და ისინი უარს ამბობენ ადგილობრივად წარმოებულ ნედლ რძეზე. ჩვენი გათვლებით, არსებული ინიციატივის შემდგომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა და ნედლი რძის გადამუშავება უფრო მომგებიან პოზიციაში ჩადგებოდა აღდგენილ რძესთან შედარებით. ეს კი გაზრდიდა მოთხოვნას ადგილობრივად წარმოებულ ნედლ რძეზე და შესაბამისად მისი წარმოების მოცულობაც გაიზრდებოდა, რომელიც ბოლო წლებია მცირდება.“ – განახადა მერაბ ჩხარტიშვილმა.
აღნიშნული საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ზოგადი პრინციპების დონეზე ინფორმაცია მიაწოდა. კანონპროექტი კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, რომელიც რძეს და რძის პროდუქტებს ეხება. ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ დღეს არსებული რეგულაციით დღგ-გან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი ერთიან საგადასახდო რეჟიმში მოექცევა რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები ყველა პროდუქტი.
„წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით დღგ-გან ჩათვლის უფლებით სრულად თავისუფლდება ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება. ცვლილებების შემთხვევაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შესაძლოა წლიურად დააკლდეს 35 მილიონი ლარი“, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა არ აიაფებს პროდუქტს დახლზე, ფერმერს არ ექნება მეტი შემოსავლის წყარო და ამავე დროს ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილი მცირდება. ოთარ დანელია მიუთიტებს, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
„ჩვენ გვაქვს საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს შორის დადებული ფინანსური შეთანხმება, რომელიც საკამოდ მნიშვნელოვანი შეთანხმებაა – 16 მილიონი ევროს ოდენობის, რომელიც სწორედ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციას და ბაზარზე წვდომის პროგრამას ემსახურება. ანუ ერთი მხრივ, ჩვენ ვიკლებთ გარკვეულ თანხებს, რომლებსაც იდეაში ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს რძის რეალიზაციის და მომხმარებლისთვის პროდუქტის გაიაფების თვალსაზრისით, ამავდროულად ჩვენ 16 მილიონ ლარს ვხარჯავთ კიდევ დამატებით დარგის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
„საქარველოს მერძევეობის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არგუმენტებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ თუ ცენტრალურ ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილი გარკვეულწილად შემცირდება, ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქცია გათავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, რაც პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდას შეუწყობს ხელს.
„მერძევე ფერმერები განავითარებენ წარმოებებს. ამ გზით გაიზრდება სხვა ტიპის გადასახადები, როგორიცაა მაგალითად ქონების და საშემოსავლო გადასახადები, რომელიც დააბალანსებს იმ შემოსავლებს, რასაც დღგ-ს გაუქმებით ბიუჯეტი დაკარგავს. ისიც აღსანიშნავია, რომ დასაქმდება მეტი ადამიანი და ქვეყანაში ადგილობრივი ხორცის წარმოებაც გაიზრდება, რადგან მერძევეობის მიმართულების ფერმებიდან მამრობითი სქესის მოზარდეული სახორცე მიმართულებით წავა“, – აცხადებს agromedia.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ ბენიაიძე.
მეწარმე განმარტავს, რომ „საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“ გათვლებით ნედლეულის სახით გამოყენებული 1 ლიტრი აღდგენილი რძე გადამამუშავებელს 95 თეთრი უჯდება. შესაბამისად, 1 ლიტრზე გადაანგარიშებით ნედლეულის სახით გამოყენებული ინდუსტრიულად წარმოებული ნედლი რძის ღირებულება გადამამუშავებლისთვის დაახლოებით 1 ლარსა და 12 თეთრს შეადგენს.
„როგორც გათვლებიდან ჩანს დღევანდელი მდგომარეობით ინდუსტრიულად წრმოებული ნედლი რძის ფასი არ არის კონკურენტული რძის ფხვნილთან. სხვა ცნობილი ფაქტორების გათვალისწინებითაც, რაც უკავშირდება რძის ფხვნილის არასეზონურ და სტაბილურ მიწოდებას, შენახვის და დასაწყობების სიმარტივეს, აღნიშნული განაპირობებს იმას, რომ ნედლ რძეზე მოთხოვნა გადამამუშავებელი კომპანიების მხრიდან დაბალია და ისინი ფხვნილისგან აღდგენილ რძით წარმოებას ამჯობინებენ.
გათვლებიდან ჩანს, რომ ნედლი რძისგან დამზადებულ საბოლოო პროდუქტებზე დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევაში, მწარმოებლებისთვის უფრო მომგებიანი იქნება ნედლი რძის გადამუშავება და მათი მოგების მარჟა მეტი იქნება. აღნიშნული განაპირობებს გადამამუშავებელი საწარმოების მხრიდან ინტერესის ზრდას ნედლი რძის შესყიდვაზე და გადამუშავებაზე, შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა ნედლ რძეზე მის ალტერნატივასთან – რძის ფხვნილთან შედარებით და საფუძველი ჩაეყრება ამ უკანასკნელის ნედლი რძით ჩანაცვლების და მისი წარმოების ზრდის სტიმულირებას“, – ამბობს ბენიაიძე.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი