მევენახეები და კომპანიები მიკროზონების ყურძნის ჩაბარებას ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ

2019 წლის რთველის დროს, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, მევენახეები და კომპანიები ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ. ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება მხოლოდ ადგილწარმოშობის შემდეგი დასახელების – „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ყვარელი” და „მუკუზანი“ მიკროზონების ყურძენზე. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ყურძენი შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა.
,,ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ვენახების ამონაწერის გაცემა დაიწყო იმ მევენახეებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული არიან ვენახების კადასტრის მონაცემთა ბაზაში. 2019 წლის 31 ივლისამდე ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მევენახეებსა და კომპანიებს დაეხმარებიან ვენახის ამონაწერის განახლებაში.
ვენახების ამონაწერის მიღების შემდეგ, მევენახეებმა და კომპანიებმა უნდა დაამოწმონ ვენახის ამონაწერში მოყვანილი ინფორმაცია და მის შინაარსზე თანხმობა დაადასტურონ. აღნიშნული პროცესი 2019 წლის 31 ივლისს დასრულდება”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ვენახების ამონაწერი არის ვენახების კადასტრის დოკუმენტი და შეიცავს ინფორმაციას მევენახეებისა და კომპანიების შესახებ (სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი) და ვენახის მახასიათებლებს (ადგილმდებარეობა, ფართობი ცალკეული ჯიშის მიხედვით, დარგვის წელი, და ა.შ.).
საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი