FAO: ფერმერთა 96% ფლობს ინფორმაციას ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის შესახებ

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 3687 ფერმერი გამოიკითხა – ფერმერთა 96% ფლობს ინფორმაციას ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) პროგრამის შესახებ. 2017 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც პროგრამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ – 52%-ს შეადგენდა, რაც კვლევებს შორის 44%-იან პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. საყურადღებოა, რომ ინფორმაცია პროგრამის შესახებ თანაბრად აქვთ ქალებსა და მამაკაცებს მთელს ქვეყანაში.

0,

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა, რომლის ფარგლებში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება და ვაქცინაცია ხდება, ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილია და მის დანერგვას FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ერთობლივად  ახორციელებენ.

კვლევის თანახმადვე, ქვეყანაში მაღალია იმ ადამიანთა პროცენტული წილი, რომლებმაც ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნები სწორად დაასახელეს. 35% მიიჩნევს, რომ პროგრამის მთავარი მიზანი, ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა, აღნიშნული მაჩვეენებლი 8%-ითაა მომატებული. თითქმის გასამმაგებულია იმ ფერმერების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პროგრამის პრიორიტეტი ცხოველთა და ადამინების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ასევე, ცხოველური პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაა. კვლევითვე ჩანს, რომ დაბალია იმ გამოკითხულთა ოდენობა, რომლებიც პროგრამის მიზნად სოციალური დახმარების მოხსნას (1%) ან სახელმწიფოს მხრიდან დამატებით სხვა სახის გადასახადების დაწესებას მოიაზრებენ (3%);

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის პროგრამა ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ გარემოს უზრუნველყოფს. მისი დახმარებით ხდება ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებების პრევენცია.  კიდევ ერთი მიზანი, რომელსაც პროგრამა ემსახურება სასურსათო პროდუქციის მიკვლევადობა და ცხოველური ნაწარმის მონიტორინგია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ფერმერთა ცნობიერების გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კვლევა აჩვენებს, რომ მაღალია იმ ფერმერების რიცხვიც, რომლებიც სახელმწიფო რეგულირების ქვეშ და პროგრამასთან კავშირში საკუთარ ვალდებულებებს ხედავენ. ასე მაგალითად, გამოკითხულთა 71%-მა იცის, რომ ცხოველთა იდენტიფიკაცია სავალდებულოა, 64%-კი თვლის, რომ ფერმერმა უნდა აწარმოოს ჩანაწერების წიგნი, სადაც შეიყვანს ინფორმაციას ცხოველთა ჯანმრთელობის, ნამატისა და მკურნალობის შესახებ.  

კითხვამ, რომელიც საოჯახო მეურნეობაში ცხოველთა ფლობასაც ეხებოდა აჩვენა, რომ საშუალოდ, ქართველ ფერმერებს 4 ძროხა, 2 კამეჩი, 2 ღორი, 6 თხა და 11 ცხვარი ჰყავთ. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მეცხოველეობის სექტორი საკმაოდ დინამიკურია. მაგალითისთვის, გამოკითხულთა 37%-მა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე საკუთარი ცხოველი გაყიდა ცოცხლად ან ხორცის სახით, 5%-მა პირადი მოხმარებისთვის გამოიყენა, 9%-ის შემთხვევაში ცხოველი მოკვდა, ხოლო 49%-მა მიუთითა, რომ ცხოველი გააჩუქა, დაკარგა, მოპარეს ან სხვა.  

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის დანერგვა შვეიცარიის  განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მოამზადა ნინო ასანაშვილმა

კომენტარები

კომენტარი