ინდოეთში ქართული ღვინის პირველი პროფესიონალური დეგუსტაცია

16 აპრილს, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ნიუ დელის სასტუმრო TAJ PALACE-ში, გაიმართა ინდოეთში ქართული ღვინის პირველი პროფესიონალური დეგუსტაცია. ჩატარდა ინტერაქტიული პრეზენტაციები საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს, ქართული მეღვინეობის ისტორიის, ღვინის დაყენების უძველესი და უწყვეტი ტრადიციების, ყურძნის მაღალი ხარისხისა და უნიკალური ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის ღვინის იმპორტიორი კომპანიებისა და მაღალი დონის სასტუმროების ქსელების წარმომადგენლებმა. მათ დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული ქართული მეთოდით დაყენებული ქვევრის ღვინო.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო თორმეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: ბესინი, მეგობრების მარანი – ნელქარისი, კახური ღვინის მარანი, შუხმან ვაინსი, შილდა, თბილვინო, ტყუპების ღვინის მარანი. ასევე, მეღვინე ქალთა გაერთიანებიდან – მადამვაინი, ქეთევაინი, მარანი საჩინო, დემის მარანი, თინათინი. მათი წარმოების ღვინომ დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ჟურნალ Fine Wine & Champagne India-ს და მონაწილე ღვინის კომპანიებს.

წყარო: http://india.mfa.gov.ge/default.aspx?lang=1&sec_id=418&NewsID=137592&fbclid=IwAR1BtG1HTBXt0v9by15x6XYOPDKqF9-fmv7Mosx9Eivg2l6FaTpbjhG7hM8

კომენტარები

კომენტარი