დადგებიან თუ არა გურჯაანელი ფერმერები ატმის რეალიზების პრობლემების წინაშე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ფერმერები ყოველწლიურად ატმის რეალიზების პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, მოსავლის გაყიდვას ვერ ახერხებენ და იძლებულნი არიან გაფუჭებული ხილი გადაყარონ.
სხვა წლების მსგავსად ფერმერები შიშობენ, რომ წელსაც შეექმნებათ ატმის რეალიზების პრობლემა. მათი თქმით, ატმის მოსავლის მცირე რაოდენობით მოკრეფა უკვე დაიწყეს, თუმცა მყიდველი ჯერ არ არის.
,,ცოტას ვკრეფ და სახლის წინ მაქვს გამოტანილი. კილოგრამი 2-დან 3 ლარამდე ღირს. ძალიან ცოტა იყიდება რადგან მყიდველი არ არის. ყოველ წელს ეს პრობლემა გვაქვს, მოკრეფილი მოსავალი ვერ იყიდება, გვილპება და იძულებულები ვართ გადავყაროთ”,- აცხადებს სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი ლევან რუაძე.
სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი მამუკა გოგილაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია გურჯაანში მოქმედმა წვენების საწარმომ ყველა ფორმის და ხარისხის ხილი მიიღოს.

მისი თქმით, იმის გამო, რომ გასულ წელს საწარმოში ჩასაბარებლად მაღალი ხარისხის ატმის ჩაბარება იყო შესაძლებელი, სეტყვისგან დაზიანებული შედარებით ნაკლები ხარისხის პროდუქტის ჩაბარება ვერ მოახერხა.
,,მოვკრიფე ხილი, ჩავიტანე წვენების საწარმოში, ამოარჩიეს და ისე ჩაიბარეს. ის გადარჩეული კი რაც დამრჩა გადავყარე, რადგან ვერ გავყიდე. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ პრობლემების წინაშე არ დავდგეთ”,-განაცხადა მამუკა გოგილაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ქართველ ფერმერებს ატმის მოსავლის აღებასა და რეალიზაციაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი დაეხმარება

მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ფერმერებს ატმის მოსავლის აღებასა და მის რეალიზაციაში დაეხმარება.

მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით, წელს ფერმერებს პრობლემები აღარ ექნებათ. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შტაბი გურჯაანში იმუშავებს.

„წელს ფერმერებს ატმის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცეში პრობლემები აღარ ექნებათ. ამას სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებული, სპეციალური სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც ფერმერებს როგორც მოსავლის აღების, ისე დისტრიბუტორებთან ურთიერთობის პროცესში დაეხმარება. ასევე ატმის ექსპორტის ხელშეყობის მიზნით, პროდუქტის ექპორტიორები ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და მიღებას, ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ“,-აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური

 

კომენტარები

კომენტარი