კახეთში ხორბლის მოსავალს იღებენ

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, მოსავლის აღების სამუშაოები რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და შეუფერხებლად გრძელდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც ვახორციელებთ, წარმატებულია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 50%-იანი თანადაფინანსებით, ფერმერებს საშუალება მივეცით, ტექნიკა შეეძინათ. გარდა ამისა, გასულ წელს შევიძინეთ 30 ერთეული კომბაინი; სამუშაო პროცესში ამ ტექნიკის ჩართულობის შედეგია სწორედ, რომ შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს ალოობა. წარმატებით დამთავრდა მოსავლის აღება ალაზანზე, მიმდინარეობს შირაქში და გაგრძელდება ქართლში. ფერმერები კმაყოფილები არიან; თითოეულმა მათგანმა იცის, რომ სახელმწიფო პროგრამები მათ წარმატებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისივე თქმით, ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“. ხანიშვილის განცხადებით, „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“, 2018 წელს, გარემო პირობებზე ადაპტირებული 30 ერთეული მარცვლეულის ამღები ახალი კომბაინი შეიძინა, რითაც გასულ წლებში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული შეფერხებების პრობლემა გადაიჭრა.

კახეთში, დღეისათვის, 103 ერთეული კომბაინია მობილიზებული; აქედან დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 45, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში 58 ერთეული, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ, რომლის მიზანი მოსავლის აგროვადების დაცვით აღებაა.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უკვე აღებული აქვს 6500 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი; აქედან, 2300 ჰექტარზე ქერი და 4200 ჰექტარზე ხორბალი. ხორბლის აღების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მურთაზ ყიფიანი და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი