ქართულ ბაზარზე ლაგოდეხში წარმოებული ყვითელი საზამთრო გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ყვითელი საზამთრო გამოჩნდა. პროდუქტი მეწარმეს, დავით ჭუმბურიძეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში მოჰყავს.
მეწარმე 1 კილოგრამ საზამთროს 3 ლარად ყიდის.

,,ამ ეტაპზე ყვითელი საზამთროს ერთადერთი მწარმოებელი მე ვარ. პირველ ეტაპზე ცოტა რაოდენობით მოვიყვანე და პროდუქტი ქართულ ბაზარზე უკვე იყიდება. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია, სამომავლოდ წარმოების გაზრდას ვაპირებ”,- განაცხადა დავით ჭუმბურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განმარტებით, ყვითელი საზამთრო გარეგნულად ისეთივეა, როგორ წითელი, შიგნით კი ღია ყვითელი ფერისაა. მეწარმის მტკიცებით, პროდუქტი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
,,გარდა იმისა, რომ გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, პროდუქტი ნაკლებ კურკას შეიცავს, ვიდრე წითელი ფერის საზამთრო.”

მეწარმემ პირველ ეტაპზე 80 ძირი საზამთრო დარგო. დავით ჭუმბურიძე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ წარმოებას გაფართოებას გეგმავს.

„სოფელ ლელიანში 80 ძირი ყვითელი საზამთროს წარმოება წელს დავიწყე. ტაილანდიდან ჩამოტანილი თესლი მეგობარმა მომცა. კომპანია არ მაქვს, ვარ იდივიდუალური მეწარმე, ამიტომ ბაზარშიც და რამდენიმე მაღაზიაშიც საზამთრო მე თავად შემაქვს.

პროდუქტი მალევე გახდა პოპულარული. ტურისტები პირდაპირ მოდიან და ყიდულობენ, ქართველებში უფრო გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ინტერესის გამო მაინც ყიდულობენ. ის ძალიან გემრიელია და რაც მთავრია, ბიოპროდუქტია, რადგან სასუქის გარეშე მოდის“,-აცხადებს დავით ჭუმბურიძე.

ფერმერი აცხადებს, რომ ყვითელი საზამთრო ტროპიკული ხილის კატეგორიაში გადის და მოთხოვნიდან გამომდინარე, დაინტერესებულია, რომ სამომავლოდ მსგავსი სხვა სახეობის პროდუქტებიც აწარმოოს.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი