გურჯაანში ხილის ფესტივალი ჩატარდება

17 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილის ფესტივალი გაიმართება. ხილის ფესტივალი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთის“ მხარდაჭერით ჩატარდება.

ფესტივალზე მოწვეული იქნებიან ხილის ადგილობრივი მწარმოებლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ბიზნეს სექტორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე რეგიონში ჩამოსული ტურისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ხილის წარმოების მიმართულებით არსებულ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებს, გაიზიარონ წარმატებული მეწარმეების გამოცდილება.

“ფესტივალი გამორჩეული და საინტერესო იქნება არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ კახეთის რეგიონში წარმოებული სეზონური ხილი და მისგან დამზადებული ნატურალური წვენები, არამედ ხილის ფესტივალი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ფერმერებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის, კომუნიკაციისა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ხილის ფესტივალს დაასრულებს კონცერტი”, – აცხადებენ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

ხილის ფესტივალი კახეთის რეგიონში წელს უკვე მეორედ იმართება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

ღონისძიების მიზანია კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზება და ამ მიმართულებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი