რა პრობლემების წინაშე დგანან მევენახეები

მევენახეები ყურძნის დაბალ ფასზე საუბრობენ და შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას და დახმარებას სთხოვენ.

ამ დროისთვის რქაწითელის ჯიშის ყურძენი აქტიურად ყვარელში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში იკრიფება. გურჯაანში კი მოსავალს მხოლოდ ერთ ქარხანასა და მარანში იბარებენ.
კახელი მევენახეები ერთ კილოგრამ ყურძენზე ფასის გაზრდის მიზნით, მთავრობას კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვენ.

,,ვითხოვთ, მთავრობამ შუამდგომლიბა გაგვიწიოს ქარხნებთან. რქაწითელის ჯიშის კარგი ყურძენი 70 თეთრის ნაცვლად, მინიმუმ 1 ლარად ჩაიბარონ, ხოლო საფერავის ყურძენზე შარშანდელი ფასი, არანაკლებ 3 ლარი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში მასობრივ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ’’,- აცხადებენ მევენახეები.

მევენახეების თქმით, ყურძნის მოსავალი წელს გვალვამ ხოლო შემდეგ სტიქიამ დააზიანა. მათივე განმარტებით, ყურძნის დაბალი ფასის გამო ვენახის მოვლისთვის დახარჯულ თანხას ვერ აინაზღაურებენ.

,,ყოველ წელს არის რთვლის დროს პრობლემები, დიდი რიგები და ყურძენზე დაბალი ფასი. შარშან 4 ტონა ყურძნის მოსავალი მივიღე და ორი დღე ვიდექი რიგში. ამის გამო ყურძენს წვენი გასდის და წონაშიც იკლებს. ისედაც გვალვამ დააზიანა ვენახები და შემდეგ სეტყვამ, მოსავალიც განახევრდა ამის გამო. გარდა ამისა, გაძვირდა აგროქიმიკატები, მუშახელი. მთავრობა ამბობს ჩვენ ვერ ჩავერევით ფასის საკითხშიო, არადა მათი აქტიურობაა მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს შეთანხმება ყველა მხარესთან და მისაღები ფასი იყოს ყურძენზე ჩვენთვის. ეს თუ არ მოხდა, ყურძნის მოყვანას აზრი აღარ ექნება, რადგან მოგება კი არა დახარჯულ თანხას ვერ ვინაზღაურებთ’’,-განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა მევენახემ გელა შიშმანაშვილმა.
რთვლის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის რქაწითელის ფასი 70 თეთრია, სხვა თეთრ ყურძენზე კი მაგალითად კახურ მწვანეზე შედარებით მაღალი 80-90 თეთრია, ქისის ჯიშის ყურძნის ფასი უფრო ძვირია. შტაბის ინფორმაციით, ყურძნის ფასებს მოთხოვნა და ბაზარი განაპირობებს.
როგორც knews.ge -ს რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბში განუცხადეს, რთვლის პროცესი შეუფერხებლად, ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.
შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყურძენს 15-მდე საწარმო იბარებს, რომელიც ყვარლის, თელავის სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს.

,,წლევანდელი რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ორი დღეა წვიმებია, წინა დღეებთან შედარებით ყურძნის გადამუშავების ტემპებმა იკლო. ახლა რთველი აქტიურ ფაზაში შედის და როგორც გამოიდარებს, დაიწყება ყურძნის კრეფა მევენახეების მიერ. ჩვენ მობილიზებულები ვართ, რომ არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი.
ამ დროისთვის რთვლის პროცესში სულ 68 კომპანიაა ჩართული, საიდანაც ზოგმა უკვე მიიღო ყურძნის საკმარისი მარაგი. გარდა ამისა, მოსავლის ჩაბარება ხდება სახელმწიფო საწარმოებშიც. ამ დროისთვის 17 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული კახეთის რეგიონში’’,- განუცხადეს knews.ge-ს რთვლის საკოორდინაციო შტაბში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა რთველმა წარმატებით ჩაიაროს და მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს.

„წლიდან წლამდე, რთველის მასშტაბი იზრდება. შარშან რეკორდული მოსავალი გვქონდა და წელს, კიდევ უფრო მეტს ველოდებით. პარალელურად, გაზრდილია როგორც გამოწვევები საორგანიზაციო კუთხით, ასევე სამინისტროს გამოცდილება და შესაძლებლობებიც. გასულ წელს, რთველის პროცესში ჩართული იყო 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც ორგანიზებულად იბარებდა ყურძენს. ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი ოპერატორი, კომპანია ჩაერთვება რთველში. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრია ერთიანად ვითარდება, ასევე იზრდება ღვინის ექსპორტიც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ რთველმა წარმატებით ჩაიაროს და მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი:მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი