ხვალ გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება

ხვალ გურჯაანი ღვინის ფესტივალს მესამედ უმასპინძლებს. ღონისძიებას 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან, ხელნაკეთი, შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მსტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობაში, შეჯიბრებასა და გასართობ თამაშში. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები.

“სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: ქართული ხმების ტრიო, ფოლკლორული ანსამბლები „გურჯაანი“ და “ხარება”, მუსიკალური ბენდი LoudSpeakers-ი და Goofy Land-ი .ღონისძიებას დაასრულებს გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით”, – აცხადებენ მერიაში.

ფესტივალი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა დასაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარდაჭერით იმართება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“ , ხოლო სპონსორი – “საქართველოს ბანკი ბიზნესი”.

ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი