თელავში ჭაჭის ფესტივალი ჩატარდება

2 ნოემბერს თელავი ჭაჭის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტის“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ერეკლე მეფის მოედანზე ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები.

„უკანასკნელ წლებში საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებს ძალიან აინტერესებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქართველი ხალხის ყოფითი საკითხები, ტრადიცია, ზნე-ჩვეულებები და რიტუალები. ამ მხრივ, ძალზედ საინტერესო და მრავალფეროვანია კახეთის მხარე და ფესტივალის ჩატარებით გაცოცხლდება კახეთში, შუა საუკუნეებში არსებული ეთნოგრაფია, ყოფა-ცხოვრება და ჩვეულებები.

ფესტივალი „ჭაჭა“ მოიცავს მცირე თეატრალიზებული წარმოდგენებს, რომელიც გააცოცხლებს კახეთის რეგიონის ეთნოგრაფიას, ტრადიციას და რიტუალებს. კონკრეტულად კი კახელი გლეხების ურთიერთდამოკიდებულებას, კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების მიერ ჭაჭის გამოხდის პროცესს. ფესტივალის ფარგლებში ქართულ ნატურალურ პროდუქტს „ჭაჭა“, როგორც რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნას პოპულარიზაციას გაუწევს და პრეზენტაციას გამართავს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი”, – აცხადებენ საქართველოს კულტურის პალატაში.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დიდი კახური „ზაოდობა“, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„ჭაჭის გამოხდასთან ერთად დაგეგმილია კახური სამზარეულოს კერძების დამზადება.

ფესტივალის მიმდინარეობისას ღონისძიებას წარუძღვება საქართველოში ცნობილი პიროვნება, თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე, რომელიც ცალკ-ცალკე წარმოაჩენს თითოეულ კომპანიას და გლეხს, მათ მიერ წარმოდგენილ ჭაჭას, თავისი პატარა საიდუმლოებებით.

მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობას დაამშვენებენ კახური ფოლკლორული ჯგუფები ტრადიციული კახური მრავალხმიანი სიმღერებით და კაფიებით.

ფესტივალის მსვლელობისას ჟიურის წევრები ჩაატარებენ ვორქ-შოფებს, რათა ქართულ ნატურალურ პროდუქტს – ყურძნის ბრენდს „ჭაჭა“-ს გაუწიონ მეტი პოპულარიზაცია და მოწვეულ სტუმრებს გააცნონ ამ ნატურალური ქართული პროდუქტის ისტორია, მისი სასარგებლო თვისებები და შეაყვარონ იგი.

ფესტივალის მიმდინარეობისას იმუშავებს ჟიური, რომლის წევრები დააგემოვნებენ და ცალკ-ცალკე შეაფასებენ კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხების გამოხდილ ჭაჭას და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოხდილ ჭაჭას. გამორჩეულ ტურისტებს ორგანიზატორებისგან ელოდება სიურპრიზები ფესტივალის დასკვნით კონცერტზე“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალი 12 საათზე გაიხსნება და 18 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიება „Check in Georgia“-ს ფარგლებში გაიმართება.

ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი