წითელი და თეთრი ღვინის აბაზანები სოფელ კისისხევში

გამაჯანსაღებელი პროცედურა მასაჟს, საუნასა და წითელი და თეთრი ღვინის აბაზანებს მოიცავს.
მომხმარებლებს აბაზანების მიღება ღვინის ორთქლზე მომუშავე საუნაშიც შეუძლიათ. სპაში მომუშავე ღვინოთერაპევტები სტუმრებს სთავაზობენ ადგილობრივი ტალახების გამაჯანსაღებელ, ყურძნის წიპწის სკრაბის რეგენო პროცედურებს, ცხელი ღვინის აბაზანებს და სხვას.
,,აქ მოსულ სტუმარს ხვდება სასიამოვნო გარემო და წყნარი მუსიკა. გვაქვს სხვადასხვა პროცედურას, თეთრი და შავი ღვინის აბაზანები, ასევე მოვიხმართ სპეციალურ სკრაბს, რომელიც ორგანიზმს აცლის მკვდარ უჯრედებს. ეს ჩვენივე ვენახში მოყვანილი ყურძნის წიპწისგან არის დამზადებული და უნიკალური პროდუქტია, რომელიც ხელს უშლის დაბერებას. გვაქვს ტალახის აბაზანებიც და მოსული სტუმარი 2 საათიანი პროცედურის გავლის შემდეგ აქედან მეორედ დაბადებული წავა’’,– განუცხადა Knews.ge-ს ღვინის თერაპევტმა ნინო ნიკიფოროვამ.
ნინო ნიკიფოროვა ამბობს, რომ სპასა და სალონში გამოყენებული კოსმეტიკა, რომელიც ალერგიას არ იწვევს, ნებისმიერი ტიპის კანს ერგება. მისივე ინფორმაციით, სპას მომსახურებით სარგებლობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები.
,,მაქვს ოცწლიანი სამუშაო სტაჟი, ვმუშაობდი რუსეთში, ერთი წელია, რაც კისისხევში ვმუშაობ. ჩემ გარდა, სპაში კიდევ ორი ადგილობრივია დასაქმებული, რომელმაც, ასევე, გაიარა სპეციალური გადამზადება. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მიერ დამზადებული და გამოყენებული პროცედურა არის ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტი და ყველა ტიპის კანს ერგება. აქ როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუმრები მოდიან და სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით’’, – განუცხადა Knews.ge-ს ნინო ნიკიფოროვამ.
შუხმანის

ღვინის სპას მენეჯერის, ანი ცისკარიშვილის ინფორმაციით, ღვინის სპა შექმნილია უნიკალური ღვინის დიზაინის ფრაგმენტებზე დაყრდნობილი ინტერიერის დიზაინით, რომელზეც 100 ათასი დოლარი დაიხარჯა. გამაჯანსაღებელი პროცედურები კომპანიის კუთვნილი ვენახების ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ბიო პროდუქტებით ტარდება.

,,შუხმანის სპა ერთი წლის წინ გაიხსნა, აქ მოსულ სტუმრებს ჩვენი სპეციალისტები უტარებენ სხვადასხვა სახის პროცედურებს. ამ საქმიანობაში წამყვანი პროდუქტია ჩვენს მიერ მოყვანილი ყურძენი და მისი წიპწისგან დამზადებული ზეთი. რაც შეხება მომსახურების ფასებს, ის ხელმისაწვდომია ყველასთვის. ერთი პროცდურის ფასი 100 –დან 300 ლარამდე მერყეობს. ვმუშაობთ ყოველდღე და ჩვენი მომსახურებით სტუმარს ნებისმიერ დროს შეუძლია ისარგებლოს’’, – აღნიშნა ანი ცისკარიშვილმა.
კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დამფუძნებელი და ინვესტორია გერმანელი მეცენატი ბურხარდ შუხმანი. კომპანიაში მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო, ღვინის მარანი და სასტუმრო “შატო შუხმანი“. „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ყოველწლიურად 2 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

კომენტარები

კომენტარი