“საუკეთესო საფერავი დეკანტერის ისტორიაში” – მეღვინეობა ჩელთის ტიტული და ისტორია

“საუკეთესო საფერავი დეკანტერის ისტორიაში” – სწორედ ეს შეფასება მიიღო ცოტა ხნის წინ მეღვინეობა ჩელთის საფერავმა, მოიპოვა შოუს საუკეთესო ღვინი სტატუსი და პლატინის მედალი, ამით უცხოურ ბაზარზეც საკმაოდ გაითქვა სახელი. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, უკვე ოცი წელია, ეს კომპანია ქართველ მომხმარებელს ყვარელში, სოფელ შილდაში დაყენებულ ღვინოს სთავაზობს. მეღვინეობა ჩელთისა და მისი მიღწევების შესახებ კომპანიის გენერალური მენეჯერი, ანდრია მირიანაშვილი გაგვესაუბრა:

M: მოგვიყევით მეღვინეობა ჩელთის შესახებ: როდის შეიქმნა, სადაა განთავსებული ვენახები, რას სთავაზობთ მომხმარებელს..

მეღვინეობა ჩელთი 20 წლის წინ დაარსდა, ყვარლის რაიონ სოფელ შილდაში, დღეისათვის კი ის აერთიანებს რამდენიმე ვაზის ჯიშის ვენახს, კლასიკურ და ტრადიციულ ღვინის მარანს და ტურისტულ კომპლექსს, რომლის მთლიანი ფართობი 80 ჰექტარია.

M: რითია თქვენი ღვინო სხვა ღვინოებისგან გამორჩეული?

პირველ რიგში, ადგილმდებარეობით – ჩვენი ვენახები გაშენებულია კავკასიონის ქედის ძირას მდინარე ჩელთის ხეობაში, რაც უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის და ღვინოს განსაკუთრებულს ხდის. სწორედ აქედან მოდის ჩვენი მეღვინეობის სახელიც „ჩელთი“, შემდეგ კი, იმ პირობებით, რომელიც შექმნილი გვაქვს პრემიუმ კლასის ღვინის წარმოებისთვის.

M: თქვენს წლევანდელ მიღწევებზე გვესაუბრეთ..

ეს წელი იაპონიის ქალაქ ტოკიოში აღებული ოთხი ოქროს მედლით დაიწყო. მეორე წელია, რაც იაპონიის ბაზარზე ვართ წარმოდგენილები და ამ ჯილდოებმა ჩვენი ცნობადობის გაზრდაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა.

შემდეგ ევროპის ყველაზე დიდ გამოფენაში prowein მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ავიღეთ: 4 ოქროს და ერთი გრანდ ოქროს მედალი და ქართული ღვინის ისტორიაში პირველად შოუს საუკეთესო ღვინის ტიტული. ამ ჯილდოთი ჩვენი ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 30 ღვინოში მოხვდა, ხოლო დაჯილდოვება იყო სპეციალურ გალაზე, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული ღვინის მასტერები და ბაიერები.

რამდენიმე დღის წინ კი, შოუს საუკეთესო ღვინის სტატუსი და პლატინის მედალი მივიღეთ დეკანტერ აზიას (Decanter Asia) კონკურსზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურასად ითვლება ღვინის სფეროში. ღვინის აღწერაში კი მიუთითეს: „საუკეთესო საფერავი დეკანტერის ისტორიაში და საუკეთესო ღვინო კავკასიის რეგიონიდან, რომელიც კონკურენციას უწევს ევროპის კლასიკური რეგიონების ღვინოებს„ რაც ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო, თუმცა – ორმაგად სასიხარულო.

M: „საუკეთესო საფერავი დეკანტერის ისტორიაში“ – საკმაოდ დიდი ტიტულია, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ პრიზებისა და ტიტულების შემდეგ ბიზნესის კუთხით? რამე საინტერესო შემოთავაზებები ხომ არ მიიღეთ?

პირველ რიგში, ეს უდიდესი მოტივაციაა, გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რომელიც ყველაზე ძალიან გვიყვარს და არ შევწყვიტოთ განვითარება. შემოთავაზებები შედეგების გამოცხადებისთანავე მივიღეთ რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებსაც მთელი მარაგის შესყიდვა სურთ, თუმცა, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, ბევრ ქვეყანაში გავიდეს ეს ღვინო, რათა უფრო ფართო აუდიტორიას ჰქონდეს მისი დაგემოვნების საშუალება. ასევე, გვინდა, დიდხანს იყოს ის ადგილობრივ ბაზარზეც.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ? კვლავაც კონკურსებზე ხომ არ აპირებთ გასვლას ან მომხმარებელს რაიმე სიახლეს ხომ არ შესთავაზებთ?

ერთ თვეში მივიდივართ ჩინეთის ორ ქალაქში: შანხაისა და ჰონგ-კონგში, სადაც მონაწილეობას ვიღებთ გამოფენებსა და ღვინის ტესტინგებში. შემდეგ კი, გვინდა, აქტიურად დავიწყოთ მუშაობა ადგილობრივ ბაზარზე, რადგან აქამდე მთელი ჩვენი ენერგია მიმართული იყო ღვინის ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში, ახლა კი, უდიდესი სურვილი გვაქვს, ჩელთის ღვინოები ყველა ქართველ ღვინის მოყვარულს გავაცნოთ.

წყარო:www.marketer.ge

კომენტარები

კომენტარი