ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონიაში გაიმართა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, იაპონიის ქალაქ კაგოშიმაში დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კენიჩი ოჰაშის მიერ გამართული პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას 65 სტუმარი დაესწრო:ღვინის პროფესიონალები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები. მოტოჰირო ოკოშიმ მათ მისცა პროფესიული რჩევები ქართული ღვინისა და საკვების შეხამებასთან დაკავშირებით.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ღვინოები.

„ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. მეტად იგრძნობა სტილის მრავალფეროვნება. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მიზნად ისახავენ მაღალი სტანდარტების დანერგვას როგორც ხარისხის, ისე გლობალური ბაზრისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტის მიწოდების კუთხით“, – აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

მათივე ინფორმაციით, იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მსგავსი აქტიობები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და შესაბამისად ექსპორტის ზრდას ამ ქვეყანაში.

ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia-ს ფოტო.

ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia-ს ფოტო.

წყარო:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი