ახმეტაში წარმოებული “გლეხური ჭაჭა” ამერიკის ბაზარზე გაიყიდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში დამზადებული ვარდისფერი მუსკატის ჭაჭა ამერიკის ბაზარზე გაიყიდება. ჭაჭას, რომელმაც თელავში გამართულ ჭაჭის ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა, ალექსი ფიცხელაური აწარმოებს.
,,ჭაჭის ფესტივალისთვის რადენიმე სახეობის ჭაჭა მოვამზადე, თუმცა ვარდისფერი მუსკატის ჯიშის ყურძენს მართლაც განსაკუთრებული არომატი და გემოვნური თვისებები აქვს. მანამდე ჭაჭას მხოლოდ სახლისთვის ვამზადებდი. ეს დიდი წარმატებაა ჩემთვის და მომავალში სხვადასხვა სახეობის ყურძნის ჭაჭის დამზადებას ვგეგმავ”,- განაცხადა ალექსი ფიცხელაურმა.
ფიცხელაურების ოჯახს ასევე აქვს ,,ლექსოს მარანი”, სადაც 6 სახეობის ბიოღვინოს ძველი კახური ტრადიციული მეთოდით აწარმოებენ.

მათ ღვინის დაყენება 2015 წელს დაიწყეს და ამჟამად რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს, ხიხვს და საფერავს, ქვევრის მშრალ ღვინოებს და რქაწითელის და კახური მწვანის კუპაჟურ ღვინოს აწარმოებენ.

ფიცხელაურების საოჯახო მარანი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ფუნქციონერებს.

ავტორი : მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი