ევროკავშირის მხარდაჭერით FAO-მ სოფელ ჭიაურში მექანიზაციის საველე დღე მოაწყო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის მექანიზაციის საველე დღე მოაწყო.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიაში (FAO) აცხადებენ, რომ ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და გამოეცადათ ტრაქტორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლებიც მექანიზაციის ერთ-ერთმა მომწოდებელმა კომპანიამ, აგრომოტორსმა წარმოადგინა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის კონსერვაციული მეთოდების გამოყენების უპირატესობებზე, მათ შორის, მიწის მინიმალურ დამუშავებაზე, რომელიც პროდუქტიულობის ზრდისკენ არის მიმართული და, ამავდროულად, ამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და სასათბურე გაზების ემისიას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ტექნიკა მიწის ამ მეთოდით დამუშავებისთვის გამოიყენება.

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მცოხვრები სიმინდის მწარმოებელი ფერმერმა, მუხრან მეტრეველმა ამ სეზონზე ევროკავშირის მხარდაჭერით FAO-ს ექსპერტებთან ერთად 3 ჰექტარის ფართობზე სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყო, სადაც მიწის მინიმალური დამუშავების მეთოდი გამოიყენა. შედეგად, მიწის სიმშრალის პირობებში, მოსავალი ბევრად უკეთესად განვითარდა”, – აცხადებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება.

ავტორი:მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი