„ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად, ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო.
„ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება. მანდარინის კრეფის სეზონი ინტენსიურ ფაზაში შედის, ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული კულტურა, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული აჭარის და გურიის მოსახლეობის შემოსავლები და მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, აჭარაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უნდა აღინიშნოს, გვაქვს ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ფასებთან. კარგი შედეგები გვაქვს ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა მოთხოვნა გაზრდილია შუა აზიაში, დაინტერესებაა ბელორუსიდანაც; ბაზრების გეოგრაფია იზრდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

,,ქართული მანდარინი’’ მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე სტანდარტულ ციტრუსის მიღებას და 20000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებას, რომლისგანაც დამზადდება კონცენტრირებული წვენი.
დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 7 900 ტონა სტანდარტული მანდარინი. წელს ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა.
ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

წყარო:სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი