ხელით ნაქსოვი უჩვეულო ფარდაგები

ალვანელი მარინა ქარსამაულის არატრადიციული ორნამენტები.ბავშვობაში, ყველასგან ჩუმად, კედელზე ადიოდა და თვალს ადევნებდა, როგორ ქსოვდა მეზობლის ქალი, ჭრელა- ჭრულა ფარდაგებს.მხატვრული ორნამენტებითა და ლამაზი თარგებით შთაგონებული მარინა ქარსამაული, საკუთარი ხელით ართავდა და ღებავდა ფერად ძაფებს.

“მეზობლის ქალს ჩუმად ვუთვალთვალებდი, ეზოში ქსოვდა ხოლმე. დედა მეუბნებოდა, ძაფის დამორჩილება, თვითონაც უნდა შეძლოო. ჰოდა, მეც ჩემი ხელით ვრთავდი, ვღებავდი და წინდებს ვქსოვდი”, – ამბობს მარინა.

დიდი სურვილის მიუხედავად, ქსოვა აუხდენელ ოცნებად დარჩა. მარინამ იურისტის პროფესია აირჩია და ფერადი ესკიზები დროებით დაივიწყა. ახალგაზრდა იურისტს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, საქართველოს დატოვებაც მოუხდა, თუმცა ბავშვობის ფერადი სურვილები მარინას ფანტაზიაში ყოველთვის ცოცხლობდნენ.

„ჩემი პროფესია არ მომწონდა, ვერ გავითავისე. ჩემი ფერადი ოცნებები თავისას აკეთებდა,სხვა რამ მეძახდა აშკარად. თავიდან თექაზე მუშაობა დავიწყე, შემდეგ გადავწყვიტე, ფარდაგებზე გადავსულიყავი. პირველად, ჩვეულებრივი გამოვიდა, თუმცა მეზობელმა გარკვეული საფასური გადამიხადა“, – აცხადებს მარინა.
ქარსამაულის ფარდაგები ტრადიციული არ არის. მარინამ ხატვა არ იცის, მაგრამ მისი ესკიზები, ყველასგან განსხვავებული და არატრადიციულია.

ხატვა არ ვიცი, შესაძლოა ერთ ესკიზს ერთი კვირაც მოვანდომო. პირდაპირ ქსოვა მირჩევია. რაც არ უნდა მოვხატო, მაინც შეიცვლება. ქსოვის დროს ძაფი სხვა ფერია, ამიტომ ნახატი და ნამუშევარი სხვადასხვა გამოდის- გვიყვება ხელოვანი.ფარდაგების ქსოვა დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს. ფიქრი და ანალიზი სჭირდება ესკიზსა და ფერების შერჩევასაც. მარინა ყვება, რომ ფარდაგების ქსოვა რთული და შრომატევადი საქმეა.

„ქსოვაში ღამეც გამითენებია. დრო ისე გადის, ვერც ვიგებ, ასე მგონია, არაფერი მომიქსოვია. ყველაფერი მტკივა ხოლმე, მაგრამ ვერ ვეშვები“– ამბობს მარინა.ფარდაგების გარდა, ხელოვანი ქალი, საქართველოში ერთ დროს პოლულარულ და ახლა მივიწყებულ ხურჯინებსაც ქსოვს, აკეთებს უჩვეულო შარფებს, ერთმანეთს უთავსებს ქვასა და თექას.კახეთში ფარდაგებს თითქმის აღარავინ ქსოვს. ამ საქმით, სოფელ ქვემო ალვანში, მხოლოდ სამი მქსოველია დაკავებული.

„სამნი დავრჩით, ვინც ფარდაგს საკუთარი ხელით ქსოვს. მე სულ ვოცნებობ, საკუთარი სახელოსნო მქონდეს, სადაც ერთდროულად რამდენიმეს მოვქსოვ. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი“,- ამხელს საკუთარ ოცნებას ხელოვანი.სახელოსნოს მოწყობამდე, მარინა ქარსამაული სახელოვნებო კოლეჯში მუშაობს და ცდილობს საკუთარი ცოდნა მომავალ თაობებს გადასცეს, თუმცა ფარდაგების ქსოვის ხელოვნებას მაინც ცოტა თაყვანისმცემელი ჰყავს.

ავტორი:ნოკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი