არბოშიკში მცხოვრებმა ფერმერმა ხოხობი და კაკაბი მოაშენა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებმა ფერმერმა  ირაკლი მაჩაბელმა ხოხობი და კაკაბი მოაშენა. მისი თქმით, ფრინველს ძირითადად სანადირო მეურნეობები, კერძო კოლექციონერები, მონადირეები და რესტორნების წარმომადგენლები ყიდულობენ.

ფერმერი ფრინველებს ძირითადად ინტერნეტის საშუალებით უცხოელებზე ყიდის.

ირაკლი მაჩაბელმა საქმიანობა 5 წლის წინ რამდენიმე ფრინველით დაიწყო. ფერმერის ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, რადგან გარეულ ფრინველებს ყველაზე დაბალ ფასად ჰყიდის.
,,ფრინველების მოვლა ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე, თავიდან რთული იყო, მაგრამ გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების რჩევა გავითვალისწინე და საქმიანობაც შედარებით გავაფართოვე. ეს საქმიანობა ჩემით დავიწყე, შემდეგ პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ჩავერთე და მოვიგე გრანტი 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოების გასაფართოვებლად გამოვიყენე. გარეული ფრინველების მოშენება 5 წლის წინ დავიწყე და იმის გამო, რომ მომგებიანი და მოთხოვნადია საქმიანობა, არ შევწყვიტე. ახლა ბევრი ფრინველი არ მყავს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იყიდება. საქართველოში ყველზე ნაკლებ ფასად მე ვყიდი. ადგილზეც იყიდება ჩემი გაზრდილი ფრინველები, ასევე სპეციალურად ჩამოდიან უცხოეთიდან და ყიდულობენ. გასულ წელს თურქეთიდან იყვნენ ჩამოსულები, იყიდეს ფრინველები და წაიყვანეს. არაბებმაც იყიდეს ხოხობები და კაკბები’’,– განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი მაჩაბელმა.
ფერმერს სოფლის სახლში მოწყობილი აქვს სპეციალური ვოლიერები, სადაც სადედე ფრინველს ამრავლებს.
,,დაგეგმილი მაქვს 2 000 ფრთა ხოხობი გავზარდო, რადგან მოთხოვნა გაიზარდა. ძირითადად ზრდასრულ ფრინველს ვყიდი, ერთი ხოხობი 25 ლარი ღირს. საკვებს სიმინდს და ხორბალს ადგილობრივებისგან ვყიდულობ. ამ ეტაპზე მაქვს სპეციალურად მოწყობილი ვოლიერები, ცალკე მაქვს გამოყოფილი სადედე ფრინველებისთვის ადგილი,’’–აღნიშნა ირაკლი მაჩაბელმა.
მეწარმე სამომავლოდ წარმოების გაზრდას და საკუთარ ეზოში ერთიანი ვოლიერის მოწყობას აპირებს.

ავტორი:მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი