შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია ლაგოდეხში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch​-ი ლაგოდეხში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს.

პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

Camille Bloch​-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელონ, რასაც, მათივე ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება.
ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას და ნოუ ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის.

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch​-ი, რომელსაც არსებობის 90-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის. კომპანიის წლიური შემოსავალი 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ავტორი:მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი