რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა შვეიცარიაში შვილობილ მეურნეობას აამოქმედებს

“რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა” შვეიცარიაში შვილობილი მეურნეობას აამოქმედებს. მეურნეობის ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე 100 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ალადაშვილის განმარტებით,
ღვინოების დაგემოვნების გარდა, შვეიცარიაში ადგილობრივებს შეეძლებათ საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს გაეცნონ.

„ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხანში შენგენის ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის გაყიდვა გართულდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრეტენზიები აქვთ ადგილობრივ მეღვინეებს შეტანილ ღვინოსთან დაკავშირებით. ჩვენ შვეიცარიის სახელმწიფომ 1 ევროდ გადმოგვცა პატარა მიწის ნაკვეთი საზღვართან, სადაც მიტოვებული სახლებია, შემდგომი რებილიტაციის პირობით. ერთი პარტია ქვევრები უკვე წაღებული გვაქვს, ახლა მეორე პარტია ქვევრებს წავიღებთ და მიწაში ჩავალაგებთ. თუ საქართველოში გვექნება მასშტაბური წარმოება, იქ იქნება 1 ჰექტარი ვენახი და წარმოება იქაც იქნება და კონკრეტულად ჩემს ღვინოს ევროპის ბაზარზე შეღწევა აღარ გაუჭირდება. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენი ქართული მეურნეობა შვეიცარიაში სრულად ამოქმედდება“, – აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ეს იქნება ქვეყნის წარდგენის კარგი გზა მათთვის, ვინც საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

„საწყის ეტაპზე ვენახი 1 ჰა-ზე იქნება, თუმცა შემდგომში ვფიქრობთ, რომ გავაფართოოთ. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ჩემთან დასაქმებული პერსონალი წავიდეს შვეიცარიაში და მოემსახუროს მათ, ვინც საქართველოში ვერ ახერხებს ჩამოსვლას. ამ დროისთვის იქ გვყვავს 12 მოხალისე, რომელიც ჩამოვა ჩვენს დინამიურ მეურნეობაში და შესაბამისად, აქედან წავლენ ჩვენი თანამშრომლები იქ. ერთგვარად გაცვლითი პროგრამა იქნება ქართული და შვეიცარიული კულტურის უკეთ გასაცნობად“, – განმარტა ბიოდინამიური ღვინის წარმოებელმა.

ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი