ღვინის ჩაის მწარმოებელი კომპანია კახეთში საწარმოს მშენებლობას იწყებს

ღვინის ჩაის, “ცხელი საფერავის” მწარმოებელი კომპანია “სტუმარი” კახეთში ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს. კომპანიის დირექტორი გიორგი ბუკია ამბობს, რომ საწარმოს მშენებლობის პროცესი 2 წელი გაგრძელდება.

“ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია. იაპონია და გერმანია მზად არიან შეიძინონ პროდუქცია, მაგრამ დროებით შევაჩერეთ მოლაპარაკებები, რადგან წარმოება ჯერ საკმარისი მასშტაბის არ არის. წარმოების ზრდისთვის ახალი საწარმო გვჭირდება. საწყის ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ, თუმცა საწარმოში მომუშავეთა რაოდენობა მაინც წარმოების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.”, – აცხადებს ბუკია.

ბუკია პროდუქციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ “სტუმარი” აშშ-ს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც არ არის მზად.

“ჩვენთვის წარმოების ზრდა განსაკუთრებით რთულია. რადგან მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის პირდაპირი ანალოგი არ მოიძებნება, არ არსებობს მისი დამზადებისთვის საჭირო სტანდარტული ავტომატიზებული დანადგარები, შესაბამისად, მოგვიწია, რომ ჩვენ თვითონ შეგვექმნა. უკვე შევუკვეთეთ დანადგარები და ამ ეტაპზე მზადდება. გვინდა, რომ პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც გავყიდოთ და აშშ-სთან მოლაპარაკებაც მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, რომ ეს მოთხვნა დავაკმაყოფიოთ. ღვინის ჩაის ექსპორტზე გასატანად მოლაპარაკებები ამერიკის გარდა, გერმანიასა და სომხეთის წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს”,- აღნიშნავს გიორგი ბუკია.

ბიზნესმენი მიუთითებს, რომ საწარმოს აშენებისა და წარმოების ზრდასთან ერთად “სტუმარი” 2021 წლიდან ასორტიმენტის გაზრდასაც გეგმავს. ბუკია აღნიშნავს, რომ კომპანიის სამომავლო გეგმებში თეთრი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისგან ჩაის დამზადებაშიც შედის.

“კომპანიაში მიმდინარეობს ექსპერიმენტები. გვინდა, რომ მომხმარებელს სიახლე შევთავაზოთ და ასორტიმენტი გავზარდოთ. საწარმოს აშენების გარდა, ვგეგმავთ, რომ ჩაი თეთრი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისგან დავამზადოთ”, – აცხადებს ბიზნესმენი.

“სტუმარი” ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა, თუმცა პროდუქტის გაყიდვა 3 თვის წინ დაიწყო. კომპანია საფერავისგან ჩაის აწარმოებს. პროდუქტის ფასი 20-დან 25 ლარამდე მერყეობს და ის ზოგიერთი სუპერმარკეტების ქსელში, სასტუმროებსა და კაფეებში იყიდება. საფერავის ჩაი ექსპორტზე ამ ეტაპზე ჩინეთში გადის. პროდუქტისგან ცხელ, ცივ ჩაისა და კოქტეილსაც ამზადებენ.

“ოქტომბერში დავიწყეთ აქტიურად საფერავის ჩაის რეალიზაცია. პროდუქცია ახალია და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყვავს. ექსპორტზე ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთში იყიდება”, – ამბობს გიორგი ბუკია.

ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი