კახეთში მოქმედი მერძეული მეურნეობა თანამედროვე სტანდარტების 1000 სულიან ფერმას ააშენებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მოქმედი მერძეული მეურნეობა „თეთრი ფერმა“ 1000 სულიან ფერმას ააშენებს. მეწარმე დიტო ბანკაშვილი განმარტავს, რომ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნედლი რძის დეფიციტია და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევას ახალი ფერმა შეეცდება.

“არ არსებობს საქართველოში საკმარისი რაოდენობის ნედლლი რძე და მოსახლეობას უწევს რძის ფხვნილისგან დამზადებული მკვდარი ცილის შემცველი რძის პროდუქტების მიღება. ეს იყო ჩვენი ძირითადი მოტივაცია, რის გამოც გადავწყვიტე ფერმის გახსნა.

ჩვენ ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან გვქონდა კომუნიკაცია. ავუხსენით საქართველოში არსებული მდგომარეობა, ავუხსენით რომ დეფიციტი იყო ქვეყანაში და აღნიშნულ სფეროში ღირდა ინვესტიციის განხორციელება. მათი ინვესტიცია 3.6 მლნ ევროა. ამასთან, ჩვენ ვისარგებლეთ სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის და მექანიზაციის მხარდაჭერის პროგრამებით, პირველ შემთხვევაში 1.5 მლნ ლარის თანადაფინანსება მივიღეთ, ხოლო მეორე შემთხვევაში კი 200 000 ლარიანი ტრაქტორი ვიყიდეთ. ფერმაში 32 სამუშაო ადგილია და აქედან 90%-ზე ადგილობრივები არიან დასაქმებულები”, – აღნიშნავს დიტო ბანკანაშვილი.

მეწარმე მიუთითებს, რომ „თეთრ ფერმას“ ჰოლანდიური წარმოშობის 440 სული ძროხა ჰყავს და დღეში 10-12 ტონა რძეს აწარმოებენ, თუმცა პროდუქციის დეფიციტის პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება.

„სიღნაღში ამოქმედებული ჩვენი მეურნეობა 10-12 ტონამდე რძეს აწარმოებს დღიურად, თუმცა, წარმოუდგენელია ამ მოცულობის რძით ქართული ბაზრის სრულად მომარაგება, ამიტომ შიდა ქართლში, კერძოდ კი ქარელის რაიონში მეორე ფერმას ვხსნით. ამ ეტაპისთვის ახალი ფერმის დაპროექტება მიმდინარეობს, უახლოეს ორ წელიწადში გვექნება თანამედროვე სტანდარტების 1000 სულიანი ფერმა. ჯერჯერობით გარკვეული არ არის ინვესტიციები საიდან გვექნება, თუმცა სავარაუდოდ, ისევ ჰოლანდიური ინვესტიცია ჩაიდება“, – ამბობს ბანკანაშვილი.

ფერმის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი რძის პროდუქტების მწარმოებელ რაც შეიძლება მეტ კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობაა. დიტო ბანკაშვილის განმარტებით, „თეთრი ფერმის“ მიერ დამზადებული რძის პროდუქტების შეძენა მომხმარებელს მაღაზიათა ქსელ „აგროჰაბში“ შეუძლია.

“დღეს ჩვენ უკვე ჩვენს ნედლეულს ვაწვდით “აგროჰაბის” მაღაზიათა ქსელს. ისინი მაღალი ხარისხის ნედლეულზე მუშაობენ და ჩვენც პირველი ხარისხის რძეს ვაწვდით. უახლოეს მომავალში ვფიქრობთ ჩვენი ხაზის წარმოების ამოქმედებაზეც, თუმცა ეს მოგვიანებით იქნება. ასევე ჩვენი მიზანი რაც შეიძლება, მეტი რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობაა, თუმცა რომელი კომპანიები იქნება, ჯერ არ ვიცით”, – აცხადებს “თეთრი ფერმის” დამფუძნებელი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ„თეთრი ფერმა“, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი აქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებს.

„ეს ფერმა ნამდვილად გამორჩეული და ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. აქ დაცულია ყველა ის სტანდარტი, რაც დღეს მესაქონლეობის და სურსათის უვნებლობის კუთხით არსებობს. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებს. პროგრამებს, რომლებიც პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც მესაქონლეობის კუთხით არსებობს და რაზეც, სამინისტრო ბოლო წლებში ინტენსიურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში გვქონდეს სულ უფრო მეტი მაღალპროდუქტიული, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ფერმა, სადაც ყველა სტანდარტი დაცული და გათვალისწინებული იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მესაქონლეობის მიმართულებით“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ფერმა სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. პროექტის განსახორციელებლად, ჯამურად, ინვესტიციის სახით, 15 200 000 ლარამდე დაიხარჯა. 1 500 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.

„თეთრი ფერმა“ ნიდერლანდურ-ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს პირველი კატეგორიის 10 ტონა ნედლ რძეს. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი