სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება.

როგორც “აგრომედიას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოში ვიზიტით აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტი ტერუნუმა ჰიროში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს შეხვდება და სხვადასხვა დარგის კოოპერაციული საწარმოების საქმიანობას გაეცნობა.

ექსპერტმა ტერუნუმა ჰიროშიმ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსთან, კონსტანტინე ხუცაიძესთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „შატო აკურა“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ტერუნუმა ჰიროშიმ ყურადღება გაამახვილა წარმოების ზრდის მოცულობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებაზე.

„დღეისათვის, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობა ფართომაშტაბიანი არ არის. წარმოების მოცულობის ზრდა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, სასურველი იქნება, არსებულმა კოოპერატივებმა შექმნან ურთიერთდახმარების საქმიანი ქსელი, რომელიც მათ სირთულეების გადალახვაში, ძლიერი მხარეების გაზიარებაში და განვითარებაში დაეხმარება. ჩემი რეკომენდაციებიც სწორად ამ მიმართულებებით იქნება“, – განაცხადა ტერუნუმა ჰიროშიმ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „შატო აკურა“ „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს შეიქმნა. კოოპერატივი რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს.

კახეთში სასოფლო-სამუერნეო კოოპერატივები სერიოზული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, რაც მათი ფუნქციონირების შეწყვეტას იწვევს. კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რეგისტრირებულია 123 კოოპერატივი, რომელშიც გაერთიანებულია 1159 მეპაიე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი კი შეწყვეტილი აქვს 101 კოოპერატივს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის და ასევე სახელმწიფოს ინიციატივას წარმოადგენდა კოოპერატივების შექმნა, 2018 წლიდან მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მეწარმეები ამბობენ, რომ მკვეთრად იკლო მათთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიზნობრივმა პროგრამებმაც.
პრობლემების შესახებ საუბრობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქმედი კოოპერატივის ,,მარგი L’’ მმართველი დირექტორი. გიორგი ენუქიძე განმარტავს, რომ კოოპერატივების მხარდაჭერისთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამა არ ხორციელდება, რის გამოც ისინი ბოლო წლებია მოგებას ვერ ნახულობენ. გიორგი ენუქიძე არ გამორიცხავს კოოპერატივის დაშლას, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დროულად არ განახორციელებს მხარდასაჭერ მიზნობრივ პროექტებს.
,,11 მეპაიე ვართ გაერთიანებული, ძირითადი ჩვენი პროდუქციაა თხილი, ყურძენი და გვაქვს სათბური, სადაც მოგვყავს ბოსტნეული, კიტრი და პომიდორი. გაგვიძვირეს საწვავი, არ გვაქვს სარწყავი წყალი, ამას ემატება ფინანსების ნაკლებობა და ბოლო წელია ზარალში ვართ. ალბათ ზამთარში სათბურს ვეღარ დავათბობთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთვის. სარწყავი წყალი რომ გვქონდეს, მეტი მოსავალი გვექნებოდა. გარდა ამისა, გართულებულია მოთხოვნები კოოპერატივებისთვის სახელმწიფოს მხრიდან. ვიქრობთ, ცოტა ხანს კიდევ შევინარჩუნებთ კოოპერატივს და თუ გაგვიჭირდება, დავიშლებით. სახელმწიფო პროექტებში მივიღეთ მონაწილეობა, გვქონდა მოთხოვნა ფუტკრის სკებზე და არ მოგვცეს. ამან ხელი შეგვიშალა საქმიანობის გაფართოვებაში. ასევე გვეუბნებიან, მიწა კოოპერატივის საკუთრებაში შეიტანეთო, ამის გაკეთება კი არავის არ უნდა. მიწა ჩვენია და გადასახადებს ჩვეულებრივ ვიხდით. გარდა ამისა, ვალდებულებაა სარეზერვო ფონდის შექმნა. გვაქვს ცოტა ფული, მაგრამ იმდენი არა განვითრებისთვის და გაძლიერებისთვის გვეყოს. მომგებიანია კოოპერატივების მუშაობა რადგან ერთობლივი მუშაობით შედეგის მიღწევა ადვილია‘’,- აცხადებს “აგრომედიასთან” საუბრისას გიორგი ენუქიძე.
კოოპერატივების ნაწილი კი ამ მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავს. მეწარმეები, კოოპერატივ ,,ალაზნის ველის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი მიუთითებს, რომ სასოფლო-სამუერნეო გაერთიანებების მასობრივად გაუქმების მიზეზი არა სახელმწიფო მიდგომების, არამედ ამ მიმართულებით მეწარმეების ნაკლები კომპეტენციაა. კოტე მახათელაშვილი აცხადებს, რომ ამ დარგის გაძლიერების და განვითარებისთვის მთავარია კოოპერატივებს ჰყავდეთ პროფესიონალი კადრი, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სფეროში ექნებათ შესაბამისი გამოცდილება.
,,1 წელია რაც კოოპერატივი შევქმენით და სახელმწიფო ძალიან გვეხმარება. 20 მეპაიე ვართ გაწევრიანებული ჩვენი ვენახებით და ახლა უკვე ვაშენებთ ღვინის საწარმოს. ტექნიკური დახმარება სახელმწიფოსგან მივიღეთ, გადმოგვცეს მოწყობილობები და ვემზადებით მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად. კოოპერატივების შექმნა სწორია, გაერთიანება და მუშაობა კარგის მეტს არაფერს არ მოგვცემს. ვინც კარგად არ იცის ეს საკითხი, ეჭვით უყურებს და ფრთხილად ეკიდება. ძირითადი პრობლემა კი განათლების და პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. ახალგაზრდები ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ისეთ პროფესიას ირჩევენ, რაც არ გამოადგებათ. ვფიქრობ, მეტი ახალგაზრდა უნდა დაინტერესდეს პროფესიული სასწავლებლით, რომ ადგილზე გვყავდეს გამოცდილი კადრი, რომელიც შექმნილ პრობლემებს ადვილად გაუმკლავდება‘’, – ამბობს კოტე მახათელაშვილი.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი