გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი” თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი მექსიკის შეერთებული შტატებიდან ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს (CRT) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხი განიხილეს.
დელეგაციას ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს თავმჯდომარე მიგელ ანგელ დომინგო მორალესი ხელმძღვანელობდა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მიგელ ანგელ დომინგო მორალესის განცხადებით, ღვინის სამშობლოს მიერ ტეკილას სასაქონლო ნიშნის აღიარება ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველია.
შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და მუზეუმი დაათვალიერეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო : https://www.facebook.com/pg/MEPAGeorgia/posts/?ref=page_internal

კომენტარები

კომენტარი