თელავში სოფლის მეურნეობის განვითარების გზებზე იმსჯელეს

თელავში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის შესაძლებლობებზე, არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „აგროსერვისმა“ ჩაატარა, სურსათის უვნებლობის სამსახურის, ფერმერთა მომსახურების ცენტრების, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის დარგში ჩართული ბიზნესმენები და ფერმერები ესწრებოდნენ.

„აგროსერვისის“ წარმომადგენელი მაია ალექსიძე განმარტავს, რომ პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრით დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა, ბაზარზე უკეთესი წვდომის გასავითარებლად, სოფლის მეურნეობის მიმწოდებელი ორგანიზაციების ცოდნის გაზრდა ნიადაგის მენეჯმენტში, ცნობიერების ამაღლება მაღალი ხარისხის / თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მანქანა- დანადგარების შესახებ და ინფორმაციის გავრცელება სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მექანიზმების შესახებ.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრების ჩატარება და რეგულარული ინფორმაციის გავრცელება სასოფლო-სამეურნეო მასალის მომხმარებლებისათვის და პროცესის მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების და წამოჭრილი პრობლემების შესახებ ინფორმაცია დამუშავდება და შესაბამის უწყებებს ინიციატივის სახით მიეწოდება.

,,USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე კულტურაზე: სუფრის ყურძენზე, კენკრაზე, მანდარინზე, კაკლოვანი კულტურებზე – კაკალზე, ნუშზე, ფსტაზე, ბოსტნეულის კულტურებზე და სხვა. სწორედ ამ მიმართულებით, თელავში გამართულ შეხვედრაზე გვყავს მოწვეული ოთხი ჯგუფის, სურსათის უვნებლობის სამსახურის, ფერმერთა მომსახურების ცენტრების, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები და ფერმერები, რომლებიც ამ კულტურებს აწარმოებენ. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პესტიციდების შემომტანი კომპანიების წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ამ სექტორში არსებული პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მზად არის იმისთვის, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივად ვიმუშაოთ. ჩვენ შეხვედრებზე გამოთქმულ საკითხებს დავაყენებთ მთავრობის წინაშე და ერთად ვიმუშავებთ მის მოსაგვარებლად“, – განუცხადა ,,knews.ge”-ს მაია ალექსიძემ.

პროექტის მიზანია პესტიციდების სწორად გამოყენების შესახებ ფერმერების ინფორმირება.

 

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი