კახეთში მერძევეობის მხარდაჭერის პროგრამა განხორციელდება

კახეთის რეგიონში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამა ხუთწლიანია და მისი ბიუჯეტი16 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც საქართველომ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან (IFADაიღო. პროექტის განმახორციელებელია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამის მენეჯერი თორნიკე კაპანაძე აღნიშნავს, რომ პროექტი მოიცავს რძის გადამუშავების, პირუტყვის საკვების წარმოების და ვეტერინარიის მხარდაჭერის კომპონენტებსაც.

„პროგრამის მიზანია რძის ხარისხის ზრდა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ფერმერების ხელშეწყობით, რომელთაც ყავთ მაქსიმუმ20 მეწველი ფური, თუმცა პროგრამა მოიცავს ასევე რძის გადამუშავების, პირუტყვის საკვების წარმოების და ვეტერინარიის მხარდაჭერის კომპონენტებსაც.

მაგალითისთვის, რძის პირველად მწარმოებელს შეუძლია მოითხოვოს თანადაფინანსება საწველი დანადგარის შესაძენად ან, თუნდაც, პირუტყვის სადგომის რემონტისთვის. ვეტერინარის შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსდეს ავტომობილის, ან ვეტერინარული დანადგარების შეძენა, ოფისის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება აღნიშნული ძირითადი საშუალებების შეძენა.

იმ შემთხვევაში თუ განაცხადი გაკეთებულია საკვების წარმოების, რძის გადამუშავების ან ვეტერინარიის მიმართულებით, არ არის აუცილებელი პირუტყვის ყოლა, პროექტის მხრიდან ამას ყურადღება არ მიექცევა. პროგრამას აქვს სხვა ტიპის მოთხოვნები, მაგალითისთვის, მომსახურების პროვაიდერი, ანუ ვეტერინარი ან ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი, უნდა იყოს18-35 წლამდე მამაკაცი, ხოლო ქალის შემთხვევაში18-40 წლის ჩათვლით. ასევე, ვეტერინარის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი/სერთიფიკატი. იგივე ასაკობრივი შეზღუდვები ვრცელდება ცხოველის საკვების პირველად მწარმოებელზეც. პროგრამა კახეთის გარდა, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში განხორციელდება“, – განაცხადა თორნიკე კაპანაძემ.

საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელ საწარმოს, რძის შემგროვებელ პუნქტს და პირუტყვის საკვების მწარმოებელს განაცხადთან ერთად ბიზნეს გეგმის, დანარჩენ შემთხვევაში კი ბიზნეს მოდელის წარდგენა ევალებათ.

„პროგრამის პირობები IFAD-ის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, მათ მიერ მოწვეული სპეციალისტები ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ადგილობრივ ბაზარს. ჩვენთან კონსულტაციები იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, ჩვენ ვართ მხოლოდ განმახორციელებლები. ამ პროგრამის შემთხვევაში ჩვენ არ ვეხმარებით პოტენციურ ბენეფიციარებს ბიზნეს გეგმის დაწერაში, თუმცა რა თქმა უნდა მივაწოდებთ მათ დამატებით ინფორმაციას კითხვების შემთხვევაში“, – აცხადებს თორნიკე კაპანაძე.

მისივე თქმით, პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს ინოვაციისა და ადაპტაციის ფაზებს.

„ინოვაციის ფაზა მოიცავს პირველ 24 თვეს, ხოლო შემდეგ გადავდივართ ადაპტაციის ფაზაზე. ადაპტაციის ფაზა, ინოვაციის ფაზისგან განსხვავდება თავისი პირობებით, მცირდება როგორც თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი, ასევე მაქსიმალური თანხა. მაგალითისთვის, თუ ინოვაციის ფაზაში რძის პროგრესული მწარმოებელი(ისინი ვისაც ჰყავს არანაკლებ6 და არაუმეტეს20 მეწველი ფურისა), მიიღებს მაქსიმუმ80%-იან თანადაფინანსებას და მაქსიმალური თანხა26 000 ლარს შეადგენს, ადაპტაციის ფაზაში თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი60%-მდე მცირდება, ხოლო თანხა20 000 ლარით განისაზღვრება”, – ამბობს კაპანაძე.

პროგრამის მიხედვით, წინასწარაა განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა და წლიური ბიუჯეტი. 2020 წელს დაფინანსდება60 ბენეფიციარი და პროგრამის წლიური ბიუჯეტი3 მილიონ ლარი იქნება. თორნიკე კაპანაძის განმარტებით, დაფინანსდებიან ის ბენეფიციარები, რომლებიც პირველები გააკეთებენ განაცხადს.

რძის პროდუქტების მწარმოებლები პროგრამის დაწყებას მერძევეობის სექტორის გაძლიერებად მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ხარისხიანი რძის წარმოებას.

„ძალიან კარგია, რომ ეს პროგრამა იწყება. პროგრამის განხორციელებით ბაზარზე მაქსიმალურად შემცირდება უხარისხო პროდუქციის გაყიდვა და ამავე დროს მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ წარმოება განავითარონ და გაძლიერდნენ. პირველ ეტაპზე ნორმალურია, რომ საქართველოს მასშტაბით60 მეწარმე დაფინანსდება. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ეს რაოდენობა გაიზრდება“, – აცხადებენ „აგრომედიასთან“ საუბრისას რძის პროდუქტების მწარმოებლები.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი