ლაგოდეხში რძის პროდუქტების ახალი საწარმო „ჰერეთული“ გაიხსნა

მეწარმე გიორგი მუმლაძემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში საწარმო „ჰერეთული“ გახსნა. გიორგი ამბობს, რომ საწარმოს ასაშენებლად ინვესტიციის სახით ჯამში 300 000 ლარი დაიხარჯა. „ჰერეთულს“ ყოველდღიურად 4 ტონა რძის წარმოება შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე შედარებით მცირე რაოდენობას აწარმოებს.

„ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოჯახის საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა და სოფელ კავშირში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ჰერეთული“ ავაშენე. საწარმოს ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარს შეადგენს და ყოველდღიურად 4 ტონა ნედლი რძის გადამუშავება შეუძლია. იაფ აგროკრედიტთან ერთად ევროკავშირის პროექტის, „სოფლის განვითარების სრულყოფა საქართველოში“ დახმარებითაც ვისარგებლე“, – აღნიშნავს გიორგი მუმლაძე.

გიორგი მეღვინეა და ფიქრობს, რომ ღვინო და ყველი განუყოფელი პროდუქტებია.

„ღვინოსთან ერთად გამოფენებზე ყოველთვის თან დამქონდა სულგუნიც, რადგან ღვინოს ძალიან უხდება. ღვინოსთან ერთად ყველიც დიდი მოწონებით სარგებლობდა, სწორედ აქედან გაჩნდა ყველის წარმოების იდეაც“, – ამბობს მეწარმე.

გიორგი მუმლაძის ინფორმაციით, წარმოების პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე დღეში 1-2 ტონამდე რძეს ამუშავებენ. რძის პროდუქტებიდან აწარმოებენ იმერულ ყველს, სულგუნს და ნადუღს. მეწარმე ამბობს, რომ „ჰერეთულის“ პროდუქცია ქსელურ სუპერმარკეტებში არ იყიდება, რძის პროდუქტებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ სასტუმროები მარაგდება.

მომავალში გიორგი სულგუნის ექსპორტს გეგმავს, რისთვისაც მან უკვე დააფუძნა კომპანია აშშ-ში და ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკულ სადისტრიბუციო კომპანიებთან.

„მოთხოვნა სულგუნზე დიდია და ვფიქრობ, რომ სისტემატიურად გავიტან სულგუნს ექსპორტზე აშშ-ში. სულგუნის ექსპორტისთვის ყველაზე მთავარ დაბრკოლებას ტრანსპორტირების ხარჯი წარმოადგენს, რაც აძვირებს პროდუქტის ფასს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ექსპორტის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან“, – აცხადებს გიორგი მუმლაძე.

საწარმო ნედლი რძით ადგილობრივი ფერმერებისგან მარაგდება და ამ ეტაპზე მუდმივად ხუთი ადამიანია დასაქმებული, თუმცა სრული დატვირთვის შემთხვევაში დასაქმებულების რიცხვი ათამდე გაიზრდება. გიორგი მუმლაძის განმარტებით, „ჰერეთული“ სრული დატვირთვით უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი