მთავრობა ყურძნის სუბსიდირებისთვის წელს 60 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წელს მთავრობა ყურძნის სუბსიდირებისთვის 60 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

დავითაშვილის თქმით, სუპერ მაღალი ფასების მოლოდინი ყურძენზე წარმოუდგენელია და მნიშვნელოვანია, გულწრფელები ვიყოთ და არ შევქმნათ ზედმეტი, ცრუ მოლოდინები.

„ბოლო წლების განმავლობაში სუბსიდირების რეჟიმიდან, ფაქტობრივად, გამოსული ვიყავით, მაგრამ იმისთვის, რომ წელს ფერემერებს არ შეექმნათ ყურძნის ჩაბარების პრობლემა, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი და მყისიერად უნდა დაბინავდეს, კრიზისულ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სუბსიდიის თანხა, რათა ფერმერებმა მინიმუმ თავიანთი დანახარჯის ამოღება შეძლონ და გარკვეული მოგებაც მიიღონ, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ რაღაც სუპერ მაღალი ფასების მოლოდინი ყურძენზე წარმოუდგენელია და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, გულწრფელები ვიყოთ, არ შევქმნათ ზედმეტი, ცრუ მოლოდინები. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც ამ რთულ პერიოდში ქვეყანას გააჩნია.

გვესმის, რომ რესურსები შეზღუდულია. ყველაფერს ყურძნის შესაძენად ვერ დავხარჯავთ, თან სახელმწიფომ უნდა დახარჯოს. კერძო სექტორის მხრიდან შესუსტებულია მოთხოვნა, მაგრამ ვფიქრობთ, დაახლოებით, 60 მლნ ლარი, რომელიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან დაიხარჯება, მოგვცემს საშუალებას, დავაბალანსოთ და სექტორმა ნაკლებად მტკივნუელად გადაიაროს ეს ეტაპი. გვესმის, რომ ფერმერებს ყოველ წელს სურთ მაღალი ფასი და ეს არის ბუნებრივი მოლოდინი და სურვილი.

გვესმის, რომ ღვინის კომპანიებსაც თავისი ინტერესები გააჩნია. ამდენად, გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია სექტორთან“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი