წნორში წარმოებული სანელებლები და ეთერზეთოვანი ვარდი ექსპორტზე გერმანიაში გადის

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში წარმოებული სანელებლები და ეთერზეთოვანი ვარდი და სამკურნალო მცენარეები ექსპორტზე გერმანიაში გადის.
ბიოპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „კახეთი ბიო“, კახეთში 2014 წლიდან ფუნქციონირებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი პროდუქცია სერტიფიცირებულია და ამ ეტაპზე, მხოლოდ ექსპორტზე გადის.

„პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში გაგვაქვს, თუმცა პარტნიორების დახმარებით, ხვდება როგორც გერმანულ, ასევე ავსტრიულ, ფრანგულ, შვეიცარიულ კომპანიებში. პირველად ექსპორტზე 80 კილოგრამის პროდუქცია გაიტანეს, შარშან კი ეს მაჩვენებელი 10-12 ტონა იყო. კომპანიის ბრუნვა კი – 90-100 ათასი ევრო”,– აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ შესაძლოა, „კახეთი ბიოს“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდეს. „გეგმაშია პიტნის პლანტაციის გაახლება, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობის გზით. მოიაზრება გაფართოვდეს ვარდის პლანტაციაც, რომელიც ამ ეტაპზე, დაახლოებით 18 ჰა-ზეა წარმოდგენილი, შემოდგომისთვის კი, მისი 30 ჰა-მდე გაფართოება იგეგმება“, – აცხადებენ კომპანიაში.

„კახეთი ბიო“ ბიზნესმენმა ლიზი ხმიადაშვილმა მეუღლესთან და გერმანელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა.

„კახეთი ბიო“ პროდუქციას წნორში აწარმოებს. გარდა წარმოებისა, იბარებენ ველურ მცენარეებსაც; მაგალითად, ფურისულას ყვავილს. კომპანიაში 6-7 მუდმივი დასაქმებულია, თუმცა სეზონურად წარმოებაში დაახლოებით 100 ადამიანი ერთვება.

კომენტარები

კომენტარი