კახეთში წელს 35 000 ტონაზე მეტ ატმისა და ვაშლატამას მოსავალს ელოდებიან

კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება დაიწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებან ერთად სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მოსავლის აღებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინა.

სოლომონ პავლიაშვილიმა განაცხადა, რიმ წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საკმაოდ დიდ მოსავალს ველოდებით, რომლის საერთო საპროგნოზო რაოდენობა 35 000 ტონაზე მეტი იქნება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ არის.

,,საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება. ჯამში, 22 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. ჩვენი სამინისტრო გააკონტროლებს მწვანე დერეფნის ფუნქციონირებას. მინდა ფერმერებს მოვუწოდო ჩაერთონ სადაზღვევო პროგრამაში, რომლის ფარგლებში, დღეისათვის, მხოლოდ 24 ჰექტარი მიწის ფართობია დაზღვეული, ბაღების საერთო ფართობი კი, დაახლოებით 6 000 ჰექტარს შეადგენს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის პირობებში, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფერმერებს აგროვადების დაცვით სამუშაოების განხორცილებაში შეფერხება არ ჰქონოდათ.

„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით მიღებულმა დახმარებამ ხელი შეუწყო მოსავლის აღების პროცესს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით კახეთში 3 მძლავრი გადამამუშავებელი კომბინატი მუშაობს, სადაც წვენებისა და ხილფაფების წარმოება ხდება. ვფიქრობ, ატმის რთველი წარმატებით ჩაივლის და ფერმერები კმაყოფილები იქნებიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 396 ტონაზე მეტია, საიდანაც ექსპორტირებულია 49 ტონა. ატმის საბითუმო ფასი 1.00-დან 1,3 ლარამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი