კახეთში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის ზარალის ანაზღაურება დაიწყო

კახეთის რეგიონში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის ზარალის ანაზღაურება დაიწყო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსის ნატალია ხარატიშვილის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს როგორც მიყენებული ზარალის აღწერის, ასევე ზარალის ანაზღაურების პროცესი.

“კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე – 50%-ის დაფინანსებას ახდენს. მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ საკუთარი მოსავალი“, – განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.

იგი კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერა.

მისივე განმარტებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში აკაკი მედულაშვილს, სეტყვის შედეგად, ყურძნის მოსავლის 95% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო.

აკაკი მედულაშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას 51 000 ლარზე მეტს სადაზღვევო კომპანიისგან „ალდაგი“ მიიღებს. 5 ჰა-მდე ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 3103 ლარს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 3103 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი