შავი პომიდორი, იასამნისფერი სტაფილო და კარტოფილი– მალე ბაზარზე წნორში წარმოებული ეგზოტიკური პროდუქტი გამოჩნდება

სულ მალე ადგილობრივ ბაზარზე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში წარმოებული შავი პომიდორი, ფერადი წიწაკები, იასამნისფერი სტაფილო და კარტოფილი გამოჩნდება.
ეგზოტიკური პროდუქციის წარმოებას ,,სამყურას“ დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი გეგმავს. მისი განცხადებით, იასამნისფერი სტაფილოს გარდა, სხვა ჯიშების მოსაყვანად სათესლე მასალის გამოწერა უწევს.
,,აღნიშნული პროდუქტების მოყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ადგილობრივ ბაზარზე მცირე რაოდენობით იყიდება. ერთხელ ერთ შეხვედრაზე რესტორნების წარმომადგენლების მხრიდან წამოვიდა მოთხოვნა ეგზოტიკურ პროდუქტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს სიახლეები, გადავწყვიტე აღნიშნული პროდუქტების მოყვანა.
ისინი ჩვეულებრივი პროდუქციისგან განსხვავედება გემოვნური თვისებებით, ვიზუალური ეფექტი აქვს ძალიან კარგი. პირველ ეტაპზე ვგეგმავ აქცენტის რესტორნებზე გაკეთებას, თუმცა ინდივიდუალურადაც იქნება შესაძლებელი ყიდვა. ვაპირებ რადენიმე სახეობის ბიო პროდუქტების მოყვანის გარდა, ვაწარმოო შავი პომიდორი, ისამნისფერი სტაფილო და კარტოფილი, ფერადი წიწაკები და ბატატი მცირე რაოდენობით. წელს პირველად მექნება შავი პომიდორი და მისი შეძენა ივნისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. იგი ვიზუალურად ნამდვილად შთამბეჭდავია და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება ჩვეულებრივი პომიდვრისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს გემოც ნამდვილად იგრძნობა. ბაზრისგან განსხვავებულია ფერადი წიწაკები, რომელიც ჯერ საქართველოში არ არის და მასაც მოვიყვან. შავი პომიდვრის გარდა სხვა, მცირე ზომის ფერადი პომიდვრებიც გვექნება“,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკა ბაგალიშვილმა.
მეწარმეს თქმით, ეგზოტიკური პროდუქციის სათესლე მასალის ნაწილს იწერს უცხოური საიტებიდან, ნაწილს კი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს.
,,იასამნისფერი კარტოფილისა და სტაფილოს სათესლე მასალას ვიწერ უცხოეთიდან, დანარჩენი საქართველოში მოიპოვება. ადგილობრივ ბაზარზე ეგზოტიკური პროდუქცია იწარმოება თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით’’,–განაცხადა ნიკა ბაგალიშვილმა.
ბიო მეურნეობა „სამყურა“ წნორში მდებარეობს და მათი წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება.
ნიკას თქმით, მის მიერ მოყვანილ ბიო პროდუქციაზე, მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო. თუმცა როგორი იქნება 2021 წელი, ჯერ არ იცის. მეწარმე არ გამორიცხავს, რომ მაღალი ფასის გამო წელს მყიდველი შეცოტავდეს.
,,ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ვყიდი ჩემს პროდუქციას. ზაფხულში მქონდა მიტანის სერვისი მოპედით, თუმცა შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო, მომიწია გამეუქმებინა. ძირითადი გასაღების ადგილი თბილისია.
ჩემს პროდუქტზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია და რეალიზაციის პრობლემა ჯერ არ მქონია. თუმცა, სტანდარტულ ფასთან შედარებით ჩემი პროდუქცია ძვირია და პანდემიამ დამაყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, რა რაოდენობის პროდუქტი მოვიყვანო. ვშიშობ, რომ წელს მოთხოვნა შემცირდენბა. ვგეგმავ, რომ დაახლოებით 4 სახეობის ბოსტნეულის წარმოება დავამატო. ასევე მექნება ტურისტებზე გათვლა და მინდა მოვაწყო ტურისტების მისაღებად ინფრასტრუქტურა.’’
მეწარმე ასევე პროდუქციის წარმოების გასაზრდელად საჭირო ტექნიკის ყიდვის აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, მას საქმიანობის გაფართოვებისთვის სჭირდება ტრაქტორის შეძენა, რისი ფინანსებიც ჯერ არ აქვს, ამიტომ მომხმარებლებს ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
,,საქმიანობის გაფართოვებისთვის მჭირდება ტრაქტორის ყიდვა, თუმცა არ მაქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, ამიტომ დავიწყე ფულის მოგვროვება.
ყველას, ვინც 100 ლარს ჩარიცხავს, 20% –იან ფასდაკლებას მიიღებს პროდუქტზე. ასე ვცდილობ მოვაგროვო ფული და ვიყიდო ტრანსპორტი და ვაწარმოო მეტი პროდუქტი’’,–აღნიშნა მეწარმემ.

კომენტარები

კომენტარი