მსოფლიოში უძვირესი ღვინის მწარმოებელი საქართველოთი დაინტერესდა

მსოფლიოში უძვირესი ღვინის მწარმოებელი საქართველოთი დაინტერესდა. ფრანგული კომპანიის Liber Pater–ის დამფუძნებელი საქართველოში ვენახის გაშენებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს. მისი პარტნიორი “ასკანელების” დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძეა.  ისინი ერთობლივ პროექტს წამოიწყებენ, რომელიც საქართველოში ვენახის გაშენებას და სრულიად უნიკალური ღვინის წარმოებას ითვალისიწინებს. ფრანგი მეღვინე საქართველოს 2 თვეში ეწვევა.

“საქართველო ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან ღვინო ამ ქვეყანაში დაიბადა. თქვენ უამრავი ავთენტური ჯიში გაქვთ. ჩვენ გვსურს თქვენი ღვინის აღმოჩენა. ჩვენ გვაქვს ლამაზი ბრენდის შექმნის პოტენციალი და ეს შესანიშნავია სწორედ თქვენი ღვინის ისტორიის გამო. შეიძლება საქართველო მძინარე მზეთუნახავია და თქვენ ის უნდა გააღვიძოთ, რადგან ის შესანიშნავი ქვეყანაა. მსურს მალე ვესტუმრო საქართველოს.

ჩემთვის, ნამდვილი მეღვინეობის აღმოჩენა შესაძლებელია ხმელთაშუა და შავი ზღვისპირეთში. ღვინო ამ ტერიტორიებზე დაიბადა. შესაძლებელია, კარგი მაგრამ არატრადიციული ღვინის დამზადება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ღვინო არ არის მხოლოდ ალკოჰოლი წყლით. ეს ჩვენი კულტურაა, ეს ევროპული კულტურაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ, როგორც საგანძური მომავალი თაობისთვის. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ყველამ იცის საქართველო. დარწმუნებული ვარ ფანტასტიური ჯიშები გაქვთ. ევროპაში ვიცით, რომ ღვინო საქართველოში დაიბადა. მაშინ რატომ ვერ ვხვდებით ევროპაში კარგ ქართულ ღვინოს? მე უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ საქართველოში, თუმცა, საქართველომ აუცილებლად უნდა დაიწყოს ინტენსიური შრომა”,- აცხადებს ლუიკ პასკე.

კომენტარები

კომენტარი