დედოფლისწყაროში წარმოებული სატაცურის ექსპორტზე გატანა მომავალი წლიდან იგეგმება

საქართველოში სატაცურის წარმოება იზრდება. პროდუქტის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ თავმჯდომარე ჯაბა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ წელს მეტ მოსავალს ელოდება.

მისი თქმით, სატაცურზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მისი ინფორმაციით, როგორც პროდუქტების დიდი ნაწილი, სატაცურის გაძვირებაც არის მოსალოდნელი და შესაძლოა 1კგ-ის ფასი საშუალოდ 25 -30 ლარი გახდეს.

„ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, მოთხოვნაც გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენც გავაფართოვეთ წარმოებაც. ამ დროისთვის 5 ჰექტარს ვფლობთ, საიდანაც ჯერ მხოლოდ 2 ჰექტრის მოსავალს ველოდებით. მართალია, დაახლოებით, ერთ კვირაში ვაპირებთ მოსავლის აღებას და ამინდებიდან გამომდინარე, ზუსტად რა რაოდენობის მოსავალს ავიღებთ პროგნოზირება რთულია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სატაცურის წარმოება 100%-ით გავზარდეთ. დაახლოებით, 4 ტონა მოსავალს ველოდებით. ყველაფერი გაძვირდა, ნედლეულით დაწყებული, საწვავით დამთავრებული, შესაბამისად, გაიზრდება სატაცურის ფასიც.
პროდუქტით ძირითადად სუპერმარკეტებს მოვამარაგებთ, თუმცა, ჭარბი მოსავალი იყო და გავწვდით, შესაძლოა, ბაზრებშიც შევიტანოთ.
რაც შეეხება ექსპორტს, ამაზე მომავალი წლიდან ვიფიქრებთ“,- 
განაცხადა ჯაბა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. ჯაბა გოგოლაშვილის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით 30 000 ლარია.

მისივე თქმით, წარმოების ზრდის პარალელურად, სეზონურად გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. რაც შეეხება ექსპორტს, „რკ ოზაანი“ სავარუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი