ლაგოდეხში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეები, სოფლებში – ბოლოკიანსა და საქობოში, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, უკანონოდ ახდენდნენ მოპოვებული 3,5 მ3-მდე ოდენობის, ჭალის მუხის სახეობის პირველი და მეორე ხარისხის მორების ტრანსპორტირებას. მათ აღნიშნული ხე-ტყე სოფელ ჰერეთისკარის მიმდებარედ, შ.პ.ს “ფაუნას” ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრეს და დაამზადეს.

,,სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”,- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი