ქართული საექსპორტო ღვინის შემოწმების პროცესში დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას განცხადებით, თვის ბოლოდან კერძო კომპანიების მოთხოვნით, ქართული საექსპორტო ღვინის შემოწმების პროცესში დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, საუბარია ისეთ აუდიტორებზე, როგორიცაა შვეიცარიული SGS-ი და ფრანგული Bureau Veritas-ი.

„მეტი გამჭვირვალობისთვის კერძო კომპანიებისგან მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ფაქტობრივად, შვეიცარიულ SGS-თან მოლაპარაკებები დასრულებული გვაქვს და ძალიან მალე ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ასევე, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება ფრანგულ Bureau Veritas-თან, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდება.

საუბარია, რომ იქ, სადაც კომპანიების მოთხოვნით არის მეტი რისკები, რომ ქართული ღვინის ხარისხი გარკვეული მოთხოვნების გამო არ იყო სათანადო მაღალ დონეზე, ჩავრთოთ აუდიტში საერთაშორისო კომპანიები. ამ შემთხვევაში ეს იყო კერძო სექტორის, საკმაოდ დიდი ნაწილის, რჩევა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. მათ შორის, ყველაზე წარმომადგენლობითი ასოციაცია “ქართული ღვინო”, ასევე სხვა ასოციაციებთან.

ზოგადად, ევროპულ პრაქტიკაში მიღებულია, რომ შემოწმების, აუდიტის ფუნქციები სახელმწიფოს აქვს დელეგირებული სპეციალიზებულ, გამოცდილ კომპანიებზე. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ცდა ჩვენი მხრიდან. გვინდა ლოკალური, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ასოციაციები მოძლიერდნენ და ჩაერთვნენ კონკრეტული ადგილწარმოშობის მართვაში. ზოგადად ვფიქრობ, რომ საჭიროა დამოუკიდებელი ასოციაციების მეტი ჩართულობა”,– განაცხადა ლევან მეხუზლამ.

როგორც მეხუზლა განმარტავს, ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევები ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ღვინო არ შეესაბამება, დაცულ ადგილწარმოშობის დასახელებას რომლისთვისაც მზადდება და მისი ჩამოხარისხება ხდება.

“ჩვენი რეგულაციებით, როდესაც სერტიფიცირება ხდება ლოტზე, ამ ლოტის შემდეგ კერძო კომპანიას შეუძლია რეალიზაცია ნებისმიერი მიმართულებით. ჩნდება ხოლმე მოსაზრება, რომ სერტიფიცირებული ლოტიდან სხვა ღვინოს აგზავნიან, უფრო ჩვენი ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ღვინის ხარისხის შემოწმება ორი სახით ხორციელდება: სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა; საინსპექციო კონტროლი.

რაც შეეხება, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს ისევ გაგრძელდება. ხოლო რაშიც საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვება, ეს არის საინსპექციო კონტროლის ნაწილი, ანუ ამ კონტროლის შემდეგ, მართლა ის ღვინო გადის თუ არა, რომელმაც გაიარა სერტიფიცირება. ყველაზე ხშირი შემთხვევა, როდესაც ღვინო არ შეესაბამება დაცულ დასახელებას რომლისთვისაც მზადდება. მაგალითად თუ ღვინო ქინძმარაულია, მაგრამ გარკვეული პარამეტრებით არ შეესაბამება. ამ შემთხვევაში ხდება მისი ჩამოხარისხება.

ეს არ არის ფალსიფიცირება, უბრალოდ დადგენილ სპეციფიკასთან არის აცდენაში. ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის ღვინის სტატუსის ჩამოხარისხება ხდება. შესაძლოა, იყოს გარკვეული ტექნოლოგიური დარღვევები ღვინის დამზადებისას.

რაც შეეხება ფალსიფიცირებას, ასეთი შემთხვევები თითო-ოროლაა. მსგავსი შემთხვევა ორი წლის წინ იყო, რომელიც ვაცნობეთ ფინანსურ პოლიციას. მას შემდეგ, მსგავსი ფალსიფიცირების ფაქტი ქარხნებში არ აღმოგვიჩენია,“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისივე თქმით, პირველ კვარტალში 7 კომპანია შემოწმდა და 10 კომპანიაში საინსპექციო კონტროლი განხორცილდა, რომლის დროსაც ერთ-ერთ კონკრეტულ პარტიაზე უარი ითქვა სერტიფიკატს გაცემაზე.

კომენტარები

კომენტარი