ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნაგომრის აგროსახლი“ მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.

„კენკროვანი კულტურები და, კერძოდ კი, ლურჯი მოცვი, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია და აქტიურად გადის ექსპორტზე. გასულ წელს, მეხილეობის მიმართულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოდან ექსპორტის ზრდაში. ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს იქნება ყოველწლიურად მზარდი რიცხვი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი ახალი პლანტაცია შედის მსხომიარობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ნაგომრის აგროსახლი“, რომელიც 5 წევრს აერთიანებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში 2,5 ჰექტარზე მოცვის ბაღი გააშენა. ახალი პლანტაციის გაშენებისათვის, ინვესტიციამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 100,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 35,000 ლარი პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება.

მოცვის ბაღში, სეზონურად, 30 ადგილობრივია დასაქმებული, პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი