სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ დაზღვევამ სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ წარმომადგენლები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერ ვლადიმერ გელაძეს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს.

ვლადიმერ გელაძეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში, 29 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავალის ნახევარი გაუნადგურდა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 30,000 ლარს მიიღებს. ფერმერმა, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს; 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც.

„მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი. დაზღვევა მინიმუმამდე ამცირებს სტიიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი”, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა.
კახეთის მხარის რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერებმა გამოიყენონ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი და იყვნენ დაცულები.
2021 წლის 31 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 17,286 შეადგენს, დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

კომენტარები

კომენტარი