საქართველოს საელჩო კორეის საიმპორტო პროდუქციის რიგით მე-18 გამოფენაში მონაწილეობს

21-24 ივლისს, საქართველოს საელჩო კორეის საიმპორტო პროდუქციის (Korea Import Goods Fair, IGF) რიგით მე-18 გამოფენაში მონაწილეობს.

კორეაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, Korea Import Goods Fair-ი სეულში, კორეის იმპორტიორთა ასოციაციის და კორეის რესპუბლიკის მთავრობის (საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვაჭრობის, მრეწველობის და ენერგეტიკის სამინისტრო; კორეის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო; კორეის საერთაშორისო ვაჭრობის ასოციაცია) მხარდაჭერით იმართება.

„ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტენდი მოეწყო, რომელზეც ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციაა წარმოდგენილი. გამოფენის დამთვალიერებლებს, ქართულ ღვინოს, სხვა ალკოჰოლურ და მინერალურ სასმელებს, ქართული თაფლის, სანელებლების, საწებლების და ტკბილეულის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ“, – ნათქვამია კორეაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, IGF ყოველწლიურად იმართება და საიმპორტო პროდუქციის ერთ-ერთი წამყვანი გამოფენაა კორეაში. იგი თავს უყრის, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ კომპანიებს და ქვეყნის ბაზარზე დამკვიდრების და ბიზნეს პარტნიორების მოძიების სფეროში მთავარ პლატფორმას წარმოადგენს.

გამოფენა იმართება, როგორც ფიზიკური დასწრებით, ასევე გადაიცემა ონლაინ რეჟიმში 3 დღის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი